
ჩვენ არაერთხელ გვისწავლებია თქვენთვის ამა თუ იმ პროცედურის ჩატარება, სალონის ფულის დაზოგვაში რომ დაგეხმაროთ. თუმცა, ეს ხუთი პროცედურა მკაცრი გამონაკლისია!
1. არ შეიჭრათ წინამო
ბევრს (მეც) საშინლად აღიზიანებს, რომ სალონში წინამოს შეჭრა თითქმის იმდენივე ღირს, რამდენიც სრულყოფილი ვარცხნილობის შეჭრა. თუმცა, დედას გაფიცებთ, დადეთ ეგ მაკრატელი. რამხელა თმაც არ უნდა მოიჭრათ, მოკლე დაგრჩებათ, ან მიიღებთ მრუდე შედეგს და შესწორებას გადაწყვეტთ. ისევ და ისევ და ისევ. უჰ!
2. არ შეცვალოთ თმის ფერი რადიკალურად
თუ ძირითადი ფერისთვის რამე ელფერის დამატება გსურთ, სალონურ პროცედურებს შორის ძირებს იღებავთ ან ჭაღარა თმას ბუნებრივ ფერში იღებავთ, არაუშავს, თანამედროვე საღებავები სახლში გამოსაყენებლად გამოდგება, რამდენადაც ხარისხიანი და მარტივად მოხმარებადია. თუმცა, თუ ქერა ხართ და წაბლისფრის ან საწინააღმდეგო შედეგის მიღება გსურთ, შეჩერდით და მიმართეთ პროფესიონალ ქოლორისტს.
3. არ შეისწოროთ წარბები ცვილით ან ძაფით
ზედმეტი თმის ხარისხიანად მოსაშორებლად და წარბისთვის სწორი ფორმის მისაცემად, სახლის პირობებში მხოლოდ პინცეტი გამოგადგებათ. ცვილთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი, საშუალების გაზომვა, ტემპერატურა, წასმის მიმართულება, ახევის სიჩქარე. დიდია იმის ალბათობა, რომ კანს დაიზიანებთ. უფრო დიდი კი იმის ალბათობაა, რომ ვერ შეძლებთ სიმეტრიის მიღებას, შესაბამისად, წარბები სხვადასხვანაირ ფორმას მიიღებს. ძაფის შემთხვევაშიც სირთულეს ვაწყდებით: მოულოდნელი ხმაურის გამო ხელი აგიკანკალდებათ და წარბი გაქრება. საერთოდ ნუ დაიწყებთ!
4. არ გახსნათ ღრმა მუწუკები
ჩვენ ყველაფერი გვესმის და თავადაც ცოდვილები გახლავართ: როცა სახეზე შავი საზიზღარი წერტილი ან წვრილი მუწუკი ჩნდება თეთრი თავით, ხელები თავისით მიიზიდება სახისკენ… ამაში ცუდი არაფერია: უბრალოდ კარგად გაიწმინდეთ კანი მანამდე და შემდეგ, წაისვით ჭრილობაზე მუწუკების საწინააღმდეგო კრემი. ხოლო, თუ მუწუკი ღრმაა, თუ ეს აკნეა, თუ გარშემო კანი ესიებული და მტკივნეულია, რაც უფრო მეტად დააჭერთ, მით უფრო გავრცელდება კანში ანთება. ესე იგი, მუწუკი სულ უფრო გასივდება, გაიჩენს მეზობლებს, შემდეგ კი დიდხანს დატოვებს პიგმენტურ ლაქას ან, უარესი, შრამს. თუ კანქვეშა ღრმა ანთება გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.
5. არ გამოიყენოთ კბილის პასტა
ანუ, როგორც სადეზინფექციო საშუალება კანისთვის. კანის ანთებულ მონაკვეთებზე პასტის წასმის რჩევა დღემდე ცოცხალი და პოპულარულია ჯიჯი ჰადიდის მიმდევარ გოგონებს შორის, თუმცა, ექიმი-დერმატოლოგები იჟინებენ: პირველადი შვება შეიძლება საშინელი შედეგებით დასრულდეს. კანის ქვედა ფენაში მოხვედრისას, კბილის პასტის ინგრედიენტები იწვევს ისეთი მასშტაბის გაღიზიანებას, რომ მუწუკს აღარაფრად ჩააგდებთ. დეპიგმენტაცია, ნაწიბურების წარმოქმნა – ეს ყველაფერი დერმატოლოგებმა თავიანთი თვალით იხილეს და გვევედრებიან, რომ არ გამოვიყენოთ კბილის პასტა კანის დეზინფექციისთვის.
თქვენ რომელ პროცედურებს დაამატებდით?