
გასულ წელს ბებიაჩემი გარდაიცვალა. 8 წელზე მეტი, მას აწუხებდა ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც თანდათან ანადგურებდა მის ცნობიერებასა და პიროვნებას. ყოველწლიურად, დემენციასთან დაკავშირებულ პრობლემას მსოფლიოში თითქმის 10 მილიონი ადამიანი აწყდება. თუ გეცოდინებათ, თუ რას უნდა ელოდოთ ამ სერიოზული დაავადებისგან, შეძლებთ იმ მოხუცისთვის ცხოვრების გამარტივებას, რომელიც თქვენთვის ძვირფასია.

დღეს Girl.ge-ის რედაქციას ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ჩვენ გიამბობთ ყველაფერზე, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ. ამაში დაგვეხმარება გერონტოლოგი ლორა უეიმენი და მისი შემეცნებითი წიგნი “ვისაუბროთ დემენციაზე”.
მოხუცი ადამიანის ცხოვრება
დემენციის მქონე მოხუცის მოვლა დამღლელია. თანაც, პირველ რიგში, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. თუ მსგავს შემთხვევასთან გაქვთ შეხება, ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. თუმცა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – შეეგუერთ, რომ ვერაფერს შეცვლით. თქვენი მისიაა იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე და შეუქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები საცხოვრებლად.

იგი უნდა გრძნობდეს, რომ არაფერი ემუქრება, რომ უსაფრთხოდაა. ასეთი ადამიანის ქცევა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაქცია გექნებათ მის მოქმედებებზე. რაც უფრო დადებითია თქვენი რეაქცია, მით უფრო დადებითი იქნება დაავადებულის ემოციური ფონი.
- მიიღეთ, არ უარყოთ
რაც უფრო სწრაფად მიიღებთ ფაქტს, რომ ადრინდელივით აღარაფერი იქნება, მით უფრო გაგიმარტივდებათ ადამიანის მოვლა. ზოგს ეშინია საზოგადოების მხრიდან განსჯის, ამიტომაც მალავს მიმდინარე მოვლენებს. მის შესახებ საჭიროა საუბარი!

მეტიც, მეცნიერება მუდმივად ივსება დემენციის შესახებ ახალი ცოდნით. თქვენც გჭირდებათ დროისთვის ფეხის აწყობა. შეისწავლეთ ახალი სამეცნიერო კვლევები, ესაუბრეთ სპეციალისტებს, მოუსმინეთ მათ რჩევებს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ავადმყოფთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.
რა ახასიათებს დემენციას?
დემენცია სერიოზული დაავადებაა, რომელიც სიმპტომთა მთელ ამალას მოიცავს. ყველა მათგანი უკავშირდება მეხსიერებისა და სხვა კოგნიტური შესაძლებლობების დარღვევას. ეს იწვევს ცვლილებებს ავადმყოფის საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.

გარდა ამისა, ასეთი ადამიანისთვის რთულია მათთვის უცნობი ინფორმაციის გადამუშავება და აბსტრაქტულად აზროვება. ისინი თავს დაკარგულად გრძნობენ, ხშირად, ეშინიათ კიდევაც, განწყობა კი არა დღეების, არამედ საათების მიხედვით იცვლება.

როცა სპეციალისტი დიაგნოზს სვამს, იგი ორზე მეტ მიზეზს გამოყოფს. დაავადების სახეობის მიხედვით, იცვლება მისი განვითარების სიჩქარე, აგრეთვე ისიც, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი მომავალში.
რას ველოდოთ დაავადებისგან?
ვერც ერთი სპეციალისტი ვერ გეტყვით ზუსტად, თუ როგორ დაიკარგება ავადმყოფის მეხსიერება. ეს მართლაც ქაოტური პროცესია, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. გარდა ამისა, არ არსებობს ერთი საიმედო სქემა, რომლითაც დაავადებულ ადამიანს უნდა მიუდგეთ. ექიმები დაავადების ნებისმიერ ახალ შემთხვევას უნიკალურს უწოდებენ.
პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს მართლაც ძალიან რთულია. რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის მომენტი, როცა ბებიას აღარ ესმოდა, რომ მისი შვილიშვილი ვიყავი. უბრალოდ ხედავთ ადამიანს, რომელიც ნელ-ნელა ქრება, ხელიდან მიდის და ვერაფერს აკეთებ ამის შესაჩერებლად.

დაავადებულის სინამდვილე თქვენი რეალობისგან სრულიად განსხვავდება. ასეთი ადამიანის ქცევა, ხანდახან, მწყობრიდანაც გამოგიყვანთ. თუმცა, ნუ ეცდებით მათთან კამათს და თქვენი აზრის დამტკიცებას. თქვენი მიზანია მოერგოთ მას და შეუქმნათ კომფორტული პირობები ცხოვრებისთვის.
მთავარი იარაღი არა სიტყვები, არამედ ემოციებია, რომელთა გამოხატვა შეგიძლიათ ჟესტებით, მიმიკებითა და ინტონაციებით. თქვენი თბილი ღიმილი და ხელის ხელზე დადება საკმარისი იქნება სანდო ურთიერთობის ასაწყობად.
თქვენი ბრალი არაა, რაც ხდება
დაავადებულის მოვლით, თქვენ შეიძლება თავი დამნაშავედ მიიჩნიოთ, იფიქროთ, რომ საკმარისად კარგად ვერ ართმევთ თავს. ეს დამღუპველი გრძნობაა! იგი უფრო მეტ სტრესს, დაღლილობასა და დაძაბულობას იწვევს. თავის მხრივ, ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ აისახება თქვენი საყვარელი ადამიანის მდგომარეობაზე.

არავითარ შემთხვევაში არ გაწიროთ თავი. ეს ღვთაებრივ შვებას არ მოგგვრით. დაავადებული, როცა დაინახავს, რომ ცუდად ხართ, უფრო ღრმად შეტოპავს თავის მდგომარეობაში, ნამდვილ სამყაროს სრულად მოსწყდება. თუ გიჭირთ ასეთი ადამიანის მოვლა, ნუ შეუშინდებით დახმარების თხოვნას სხვებისთვის.
ადრე თუ გვიან, დემენციის მქონე მოხუცის ცხოვრება სამუდამოდ გაილევა. ამ მომენტის წინასწარ განჭვრეტა ან მისთვის მომზადება შეუძლებელია. თუ ამ პრობლემასთან გქონიათ შეხება, ძალასა და მოთმინებას გისურვებთ. იქნებ, გაქვთ გარკვეული გამოცდილება, რომლის გაზიარებაც გსურთ? არ მოგერიდოთ, ამით სხვებს დაეხმარებით!