
–“რომელი პური ავირჩიო, ფიგურაზე მისი ნეგატიური გავლენა რომ შევამცირო?” – მსგავს კითხვას ყოველდღიურად ათასობით ქალბატონი სვამს. სხეულის იდეალური პროპორციების გამო, ბევრი ამ პროდუქტს რაციონიდან მთლიანად იღებს. არადა, რეალურად, პურის ზოგიერთი სახეობა სულაც არ იწვევს წონაში მატებას, პირიქით, გახდომაშიც კი გვეხმარება.

ამასთან, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ჭარბი წონა პურფუნთუშეულის მოხმარების კი არა, მისი ჭარბად მირთმევის შედეგია. ამიტომ, პურზე უარის თქმის ნაცვლად, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მის სწორად შერჩევას.
რომელი პური ავირჩიოთ
დავიწყოთ იმით, რომ გონივრული არჩევანი იქნება სრულმარცვლიანი პურის შეძენა. მრავალრიცხოვანი კვლევით დამტკიცდა, რომ ამ პროდუქტის ზომიერი და რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს საკვების მონელებას, რაც, თავის მხრივ, ფიგურის შენარჩუნებაში გვეხმარება.

თუმცა, დასახელება “სრულმარცვლიანი” არ ნიშნავს იმას, რომ პური ხარისხიანია. დღეს ჩვეულებრივი თეთრი პურის გასაღებაც შეიძლება ყველაზე სასარგებლო და ხარისხიან საკვებად, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ამ ეპითეტებისგან შორსაა. ამიტომ, სანამ ამა თუ იმ პროდუქტს შეიძენთ, შეისწავლეთ ინგრედიენტები, რომლებითაც დაამზადეს იგი.
რას დავაკვირდეთ პურის შერჩევისას?
პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, რა თქმა უნდა, ფქვილია. ბევრი მიჩვეულია იმას, რომ წარწერა “უმაღლესი ხარისხი” მხოლოდ ყველაზე ხარისხიან პროდუქტს აწერია. თუმცაღა, ფქვილთან ყველაფერი პირიქითაა. კვლევებით დამტკიცდა, რომ ყველაზე მეტი სარგებელი სწორედ მეორე და პირველი ხარისხის ფქვილის პროდუქტშია.

ბევრი ფიქრობს, რომ ჭვავის პური თეთრზე გაცილებით უფრო სასარგებლოა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. გაიხსენეთ, რომ ამ პროდუქტის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ არა ფერს, არამედ შემადგენლობას. რამდენადაც მიმზიდველი ჭვავის ფერი შეიძლება მხოლოდ მუქი ძირტკბილას ან ჩვეულებრივი საკვები საღებავის შედეგი იყოს…

როგორი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს იდეალურ პურს? სპეციალისტების მტკიცებით, ყველაზე სასარგებლოდ ითვლება პური, რომლის მოსამზადებლადაც არაუმეტეს 5 ინგრედიენტია გამოყენებული. კერძოდ: ჭვავის ფქვილი, წყალი, მარილი, პურის დედა და დამატებითი მცენარეული ინგრდიენტი (სელის თესლი, თხილეული ან ჩირი).

რაც შეეხება უგლუტენო პურს, რომელსაც ბევრი, მიამიტურად, სასარგებლოდ მიიჩნევს – უბრალოდ დაივიწყეთ მისი არსებობის შესახებ. ეს პროდუქტი გაცილებით მეტ ნაჯერ ცხიმსა და ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი პურფუნთუშეული პროდუქტი.

ხოლო მათ, ვისთვისაც გლუტენი არ შეიძლება, ვურჩეთ ისეთ პროდუქტს, როგორიც ბრინჯის კვერებია. სხვათა შორის, ისინიც შეიძლება დამზადდეს ხორბლის ან წიწიბურის ფქვილისგანაც კი.