
ფანგმა ფსიქოანალიტიკოსმა, მონიკ დე კერმადეკმა, რომელიც ინტელექტუალური განვითარების საკითხებზეა სპეციალიზებული, ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი მაღალი IQ-ს მქონე ბავშვებისა და ქალების ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ. მისი ახალი ესსე “ნიჭიერი და მოსიყვარულე (Le surdoué et amour), რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა, მიეძღვნა არანაკლებ საინტერესო თემას – ურთიერთობაში მყოფი ჭკვიანი ადამიანების ქცევას. გამოცდილებაზე, კვლევებსა და გამოკითხვებზე დაყრდნობით, მადამ დე კერმადეკი აღწერს, თუ როგორ იხსნებიან სიყვარულში ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან გონებრივი შესაძლებლობებით, განსაკუთრებით კი ქალი-ინტელექტუალები, რის შესახებაც მოკლედ საუბრობს წიგნის გამოქვეყნებამდე მიცემულ ინტერვიუში.
რას ელოდებიან ჭკვიანი ადამიანები სიყვარულისა და ურთიერთობისგან?
რამდენად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობისთვის, რომ პარტნიორებს ინტელექტის ერთნაირი დონე ჰქონდეთ?
მონიკ დე კერმადეკი:
ეს აუცილებელი არაა. რა თქმა უნდა, თუ ორივე განსაკუთრებული ინტელექტითაა დაჯილდოებული, წყვილს სიბრძნის უშრეტი გასაცვლელი რესურსი ექნება და გონება ერთმანეთისთვის საკმარისი იქნება, წარმატებული და იღბლიანი ქორწინებისთვის. თუმცა, გარანტია არ აქვთ, რომ ნიჭიერების თანხვედრა დადებით შედეგს მოიტანს – იმის გამო, რომ ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ ჭარბი შფოთვა თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელს შეუშლის მაღალინტელექტუალური წყვილის ბედნიერებას, მაგალითად, კარიერული გარემოებები. ვთქვათ, ერთ-ერთი პარტნიორი უსწრებს მეორეს, ართმევს მას გარკვეულ ყურადღებას, ან მუდმივად მიემგზავრება საზღვარგარეთ მივლინებებზე.
რით განსხვავდება მაღალი IQ-ს მქონე მამაკაცისა და ქალის მოლოდინები?
არსებობს სერიოზული განსხვავებები, რამდენადაც, გარკვეული თვისებები ქალებში უფრო მკვეთრად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში: ჰიპერმგრძნობელობა, თვითრეალიზაციისადმი ლტოლვა, დამოუკიდებლობა, პერფექციონიზმი. გარეგნობა და სექსუალობა, როგორც გაირკვა, ჭკვიანი მამაკაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. არა, არ ვამბობთ, რომ ქალებს ეს ასპექტი სულ არ აინტერესებთ, უბრალოდ ისინი პრიორიტეტებს განსხვავებულად განალაგებენ, პარტნიორისგან კი, პირველ რიგში, ინტელექტუალურ სტიმულს ელიან.
ისინი პარტნიორში მსგავს მისწრაფებებს, კულტურულ გაცვლას, საერთო გატაცებებს ეძებენ. აღმაფრთოვანა ფაქტმა, რომ ასეთი ქალები, თითქოს მოილაპარაკესო, იყენებენ ფრაზას: “პირველ რიგში, ახლო მეგობარს ველოდები.” ამავდროულად, ემოციური ურთიერთქმედება და საერთო ფასეულობები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომები და ხარისხები. ჩემი მეურვეობის ქვეშ ყოფილა, მაგალითად, ქალი-პროფესორი, რომელიც ჩოგბურთის ტრენერზე იყო დანიშნული, მასზე ვნებიანად იყო გატაცებული. მათთვის თვითიდენტიფიკაციის საკითხი წარმომავლობისა და განათლების სტანდარტების საკითხებზე მაღლა დგას.
როგორი კომპლექსები ახასიათებს მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ქალს?
იგი ყოველთვის განიცდის საპასუხო რეაქციაზე, თვლის, რომ მისი ჭკუა თაყვანისმცემლებს განიზიდავს. “ეს უბრალოდ აუტანელია, მამაკაცებს ვაფრთხობ!” – ყველაზე პოპულარული ჩივილია. სწორია ისიც, რომ პაემანზე მაღალინტელექტუალური ქალი თავს თავდაუჯერებლად გრძნობს. ამ დროს კი მამაკაცს ეშინია, რომ შესაფერის ადამიანს ვერ შეხვდება.
როგორ იქცევიან მაღალი IQ-ს მქონე ქალები წყვილში?
რით გამოირჩევა ჭკვიანი ქალი სიყვარულში?
პარტნიორისადმი ერთგულების შეგრძნებით – საუბარი მხოლოდ ფიზიკურ ერთგულებაზე არაა. მისთვის მნიშვნელოვანია დამყარებული სიახლოვე, რომელსაც მოჰყვება დანაშაულის უზარმაზარი შეგრძნება, თუ მას უეცრად სხვა შეუყვარდება.
რას განიცდის ასეთი ქალი ყველაზე მეტად?
თავს კომფორტულად ვერ გრძნობს – ნომერ პირველი მიზეზია. თუმცა, ამ პრობლემას უნივერსალურიც ეწოდება, რამდენადაც ნებისმიერი გონებისა და ასაკის პატრონი ქალი იქნება უკმაყოფილო ურთიერთობით, სანამ მისთვის შესაფერის მამაკაცს არ შეხვდება. ინტელექტუალი ქალი, შესაძლოა, იტანჯებოდეს იმით, რომ პარტნიორს მისი არ ესმის, ან ტვირთად დაწოლილი საყოფაცხოვრებო საზრუნავისგან. საფრთხე იმალება ცდუნებაში, შექმნას ცრუ “მე”, რათა შეეხამოს პარტნიორის მოლოდინებს და თანდათან გაუცრუვდეს იმედი საკუთარი თავისა და ურთიერთობების მიმართ.
მართალია, ჩვენ ზრდასრულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, თუმცა, დიდი გონების პატრონი ქალი საკმაოდ ხშირად უჩივის პარტნიორის მხრიდან დაცინვას. თუ იგი ჰიპერმგრძნობიარეა, რაც, როგორც გავარკვიეთ, ახასიათებს გონიერ ინდივიდებს, მისი ცრემლებამდე მიყვანა მარტივია, კრიტიკითა და გამოჯავრებით, ხოლო ის, თავისი სქელკანიანობის გამო, გაღიზიანდება იმით, რომ ქალი ასე მარტივად ღიზიანდება.
დისკომფორტის კიდევ ერთი წყარო არის მოწყენილობა. ინტელექტუალი ვერ იტანს ტელევიზორთან დროის უაზრო ფლანგვას ან ასეტივე საუბარს, ზოგადად, მისი ინტერესები მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს მეორე ნახევრის მოთხოვნილებებისგან. მოწყენილობა თავიდან რომ აიცილოს, სჭირდება სივრცე, დრო მარტოობისთვის, ამ მოთხოვნილებაში კი, გარდა ჩამოთვლილისა, დამოუკიდებელ ხასიათსაც ავლენს.
რა უბიძგებს ჭკვიან ქალს განქორწინებისკენ?
თუ პარტნიორი მოუთმენელია მისი ორი მთავარი პრინციპის, რეალიზაციისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებების მიმართ, რაც, სხვათა შორის, გამორიცხავს ღალატს ან საიდუმლოებს. იგი, თავის მხრივ, არ მოითმენს დიალოგის არქონას, ერთმანეთთან უთანხმოების ღიად გამოთქმის უუნარობას, რათა იპოვონ გზა საერთო პრობლემების გადასალახავად.
საკმაოდ ხშირად, ასეთი წყვილი შორდება, რამდენადაც პარტნიორი ურთიერთობის წარუმატებლობას თავის ინტელექტუალურ პოტენციალს მიაწერს, ადანაშაულებს საკუთარ თავს იმაში, რომ არც ისეთი ნიჭიერია და ვერ შეძლო მეუღლის/მეგობრის მოლოდინების გამართლება. ამ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით, ჭკვიან ადამიანს ჰყოფნის ტაქტი და ლექსიკური მარაგი იმისთვის, რომ შეამსუბუქოს განშორების ტკივილი და ნეგატიური შედეგები, პარტნიორისთვის იმის ახსნით, რომ მათ შეუთავსებლობაში ბრალი არავის მიუძღვის.
როგორ განიცდის იგი განშორებას?
მაღალი IQ-ს მქონე ქალი ემოციურად უფრო ძლიერია, თავისი ჰიპერმგრძნობელობის გამო, ამასთან, მან იცის, როგორ გაუმკლავდეს პირად ტრაგედიას, რამდენადაც აქვს მიზეზებისა და შედეგების გაანალიზების უნარი. მას, რა თქმა უნდა, გული ეტკინება, თუმცა, ჩვეულებრივ, იგი ახერხებს ხანგრძლივი დათრგუნვის ან დეპრესიის თავიდან აცილებას, რომელიც განქორწინებას მოჰყვება ხოლმე.
როგორ უნდა ააწყოს ჰარმონიული ურთიერთობა ჭკვიანმა ქალმა?
ნუ გარისკავთ მნიშვნელოვნად, ნუ მოელით პარტნიორისგან ყველაფერს ერთბაშად. ისაუბრეთ, მოერიდეთ შემეცნებით მონოლოგებსა და სამეცნიერო ფაქტების სიჭარბეს, რათა არ გადაუტვირთოთ ტვინი და არ დაუქვეითოთ თვითშეფასება. საპასუხო სიკეთე, ზრუნვა და ყურადღება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში.
ნუ აიძულებთ თავს მასთან დიდი დროის გატარებას, ყოველი თავისუფალი წუთის გაზიარებასა და, თუ ეს პარტნიორობის შესახებ თქვენს წარმოდგენას არ ეწინააღმდეგება, არ იჩქაროთ განშორება. თუ შორ მანძილზე შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს, ასე გააგრძელეთ ურთიერთობა.