
Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში – ფსიქოლოგი ერთი პაციენტის ისტორიას მოგვითხრობს.
ლევანს ექვსი თვის წინ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მამაკაცი მხოლოდ 47 წლის იყო. ის მკურნალობდა. საბედნიეროდ, სიმსივნე ავთვისებიანი არ აღმოჩნდა, პირველადი დიაგნოზი მცდარი იყო და ლევანმა გამოჯანმრთელება დაიწყო.
კაცმა სიხარულით შეატყობინა დედას და დას, თავის უახლოეს ნათესავებს, რომ სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო და ის იცოცხლებდა. ქალები მაინცდამაინც ბედნიერები არ ჩანდნენ და თითქოს ნერვიულობდნენ. წარბებს იჭმუხნიდნენ და აზუსტებდნენ, მართლა ყველაფერი კარგად იყო თუ არა?
ლევანს თავიდან ამისთვის არავითარი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, მაგრამ თავის შეყვარებულს უთხრა, რომ ახლობლების მხარდაჭერას ვერ გრძნობდა. მამაკაცი მას 8 წლის განმავლობაში ხვდებოდა და ერთი წლის წინ მასზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადადება გადაწყვიტა (ამაზე საუბარი არც ანას არ დაუწყია). საპასუხოდ, ქალი მას ჩაეხუტა და უთხრა, რომ ახლობლები, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ მოშორდნენ შოკს – ხან კიბოა, ხან არა.
დისშვილის სულელური ხუმრობა
დედასთან ვახშამმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ლევანი და ანა ნათესავების მოსანახულებლად მივიდნენ. ერთად ცხოვრობდნენ – ლევანის დედა და მისი და ქმართან და შვილებთან ერთად. როდესაც ყველა სუფრასთან ისხდნენ, 12 წლის მიშიკომ, უფროსების შენიშვნებზე გაბრაზებულმა, თქვა, რომ სხვათა შორის მალე ძალიან გამდიდრდებოდა, რადგან ლევანი ბიძია ავად იყო.
ლევანი გაიყინა. მას ვერ გაეგო, დისშვილი ხუმრობდა ასე ბოროტად თუ ეს გულწრფელი აზრი იყო, რომელიც ბავშვმა უფროსებისგან მოისმინა და გაიმეორა?
ლევანმა ნაძალადევად გაიღიმა და თავის ნათესავებს შეხედა, მაგრამ ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს მიშიკოს ფრაზა არც გაეგოთ და ჭამას აგრძელებდნენ. ლევანმა ბიჭს ჰკითხა: მიშ, შენ როგორ გამდიდრდები, როდესაც მე საცოლე მყავს? მას გაუკვირდა და არაფერი უპასუხა.
სახლში ლევანმა გადაწყვიტა, რომ ანდერძს შეცვლიდა და დისშვილებს გამორიცხავდა, თუმცა თავდაპირველად მათთვის გარკვეული თანხის დატოვებას აპირებდა. არაფერიც… ჯობს ეს ფული ქველმოქმედებაში წავიდეს.
მამაკაცი შუბლს იჭმუხნიდა და თავიდან ვერ იშორებდა აზრს: “ნაცვლად იმისა, რომ მადლობელი ყოფილიყვნენ ჩემი სიკეთისა და გულუხვობისთვის, ნერვიულობენ, რომ არ მოვკვდები!“
ქორწილი
ლევანმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლად დაქორწინებულიყო ანაზე. ამ ქალს ის უყვარდა და მხარს უჭერდა მას მთელი ამ წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც ის ღარიბი იყო. ნათესავებისგან განსხვავებით, რომლებიც მოულოდნელად დაუახლოვდნენ მას, როდესაც ის სამსახურში დაწინაურდა და შემოსავალი გაეზარდა. გამუდმებით სთხოვდნენ მას ფინანსურ დახმარებას – ხან ბავშვებისთვის ძვირადღირებული საჩუქრებისთვის, ხან ტელევიზორისთვის და ხან შვებულებისთვის. ლევანის დის ქმარს საკმაოდ დიდი ვალი ჰქონდა, რომელიც მან ბიზნესისთვის აიღო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მიშიკოს კი ერთხელ წამოსცდა, რომ დაბადების დღეზე ლევანისგან საჩუქრად მანქანა უნდოდა.
ანამ სოციალურ ქსელებში ქორწილის შესახებ დაწერა, ლევანის დედამ კი მაშინვე შვილს დაურეკა.
მის ხმაში არც მილოცვა და არც სიხარული არ იგრძნობოდა. დედამ უბრალოდ ჰკითხა “რატომ ასე სწრაფად?”. პასუხად ლევანმა ყველაფერი უთხრა, რასაც ბოლო დროს ფიქრობდა. დედამ ტირილი დაიწყო და უპასუხა, რომ ეს ყველაფერი მან მოიგონა, რომ ისინი მისი ნამდვილი ოჯახი არიან და მიშიკოს სულელური ხუმრობა არც კი ღირს გასახსენებლად. მაგრამ შემდეგ დედამ შეცდომა დაუშვა – მან თქვა, რომ ანა მისთვის ნამდვილი ოჯახი არ იყო, მას შეეძლო იგი მიეტოვებინა, მაგრამ ის, დედა, ყოველთვის მასთან იქნებოდა. და ზოგადად, ანა მუშაობს, მათ შვილები არ ჰყავთ და ფული მათ მაინცდამაინც არ სჭირდებათ. აი, შვილიშვილებს კი ძალიან სჭირდებათ!
ამან საბოლოოდ გააბრაზა მამაკაცი და მან ცივად უპასუხა, რომ ანაც მისი ოჯახია, რომ ის ყოველთვის მის გვერდით იყო და ახლა ისინი ოფიციალურად დაქორწინდებიან.
დედამ ისევ ტირილი დაიწყო და ჰკითხა: “შენ ხომ არ აპირებ ანდერძის შეცვლას?” მიუხედავად იმისა, რომ ლევანს ამ თემაზე არ უსაუბრია. ლევანმა ირონიულად შეუღრინა: „მოიცადე, სანამ მოვკვდები და მერე გაიგებ“.
დედამ შეურაცხყოფილმა განაცხადა, რომ არ სურდა მასთან ამ ტონით საუბარი და დაემშვიდობა. ისევ, ქორწილთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, არც მიულოცია და არც არაფერი.
ნათესავებისგან განსხვავებით, ლევანის მომავალი მეუღლე მოკრძალებულად ცხოვრობდა და ძვირადღირებულ ბეჭედს არ ითხოვდა. მან სთხოვა, რომ თავად აერჩია, მაგრამ რაიმე უბრალო.
ჩემი რეზიუმე
ეს არის მამაკაცის რეალური ისტორია, რომელიც მოკლედ მოვყევი. მე ამ ისტორიას ვერ ვივიწყებ. მე არ ვსაუბრობ ხარბ ნათესავებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ წყნარად გაავლო მამაკაცმა საზღვრები დედასთან ურთიერთობაში და მისი გავლენის ქვეშ არ მოექცა. კი, ის ნამდვილად დედაა, მოსიყვარულე და მზრუნველი (ალბათ), მაგრამ თუ ირიბად და პირდაპირ აჩვენებს, რომ უპირველესად ანდერძი და შვილიშვილების ფული ადარდებს, მაშინ რომელ ახლო ურთიერთობაზეა საუბარი?
მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, შეეძლოს „არას“ თქმა უახლოეს ადამიანებისთვისაც კი, რათა არ იყოს მეწველი ძროხა და თავი არ დაიმციროს. ნაგულისხმევად არავინ სცემს პატივს მამაკაცს, თუნდაც მას ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდეს. ყველას შეუძლია კისერზე დაჯდომა: ცოლს, დედას, დას, ძმას – ნებისმიერს. არაერთხელ მინახავს მდიდარი მამაკაცი, რომელიც მთელ ფულს ოჯახს ახმარდა, შემდეგ კი ტიროდა, რომ ცოლს არ უყვარდა, დედა კი გამუდმებით მბრძანებლობდა.
გსურთ იყოთ მთავარი? იცოდეთ როგორ ააწყოთ სწორი ურთიერთობა – მათ შორის მკაცრი, თუ ეს საჭირო იქნება.