
ანას თმიანი ფეხები ჰქონდა. ცნობილია, რომ ფეხზე თმა ნებისმიერ ადამიანს აქვს. ზოგს თხელი ღია ფერის თმა აქვს, ზოგს უფრო ხშირი და ზოგს – ძალიან ხშირი. ანას ძალიან ხშირი თმა ჰქონდა.
ანას სიყვარულიც ჰქონდა, ორმხრივი. მის ქმარს, მაქსიმეს, ის ძალიან ძლიერ და ნაზად უყვარდა. იმიტომ, რომ ის იყო ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული ხასიათის ადამიანი. ანა მას ყველაფრით მოსწონდა და ეს მას გულს უთბობდა. ერთი პრობლემა არსებობდა, ანას ფეხებზე თმის მოშორება არ სურდა. ის ამბობდა: ”ეს არის ჩემი ერთგვარი თავისებურებაა და თუ გიყვარვარ, მაშინ მთლიანად უნდა გიყვარდე, ჩემი ნაკლოვანებებით. ეს ხომ არაფერს ცვლის.“
ალბათ იკითხავთ, სად იყო მაქსიმეს თვალები დაქორწინებამდე? იქ სადაც უნდა იყოს. უბრალოდ, ქორწილამდე ფეხები გლუვი და მადისაღმძვრელი იყო, როგორც მწიფე მანგოს კანი.
მას იგი უყვარდა, მაგრამ ცდილობდა, რომ ფეხებზე არ შეეხედა. როდესაც წყვილი სადმე წვეულებაზე ან ზღვაზე მიდიოდა, მის ფეხებზე არსებული თმა განხილვის საგნად იქცეოდა ხოლმე. მაქსიმეს რცხვენოდა და თავს უხერხულად გრძნობდა. იმიტომ რომ, პრინციპში, საუბარი თავად თმაზე კი არა, არამედ გოგონას უცნაურობაზე და მის არა აკურატულობაზე იყო.
მაქსიმე მას როგორ აღარ დაელაპარაკა, რბილად და მშვიდად, ხმამაღლა და ნერვიულად, რომანტიკულად და მაგიდაზე მუშტის დარტყმითაც, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: „თუ გიყვარვარ, მაშინ ისეთად უნდა მიმიღო, როგორიც ვარ. ეს ჩემი თავისებურებაა, ჩემი ნაკლოვანებებით უნდა გიყვარდე. მე ხომ მიყვარხარ”.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჟღერს. “ნამდვილი სიყვარულია, როდესაც ნაკლოვანებებიც უყვართ”. მაგრამ თუ ამ ფრაზის შინაარს დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ასეთი აფორიზმების ლოგიკა და პრაქტიკული გამოყენება ნულის ტოლია.
გიყვარდეს ლოთი, იმის გამო, რომ გცემს და სვამს. გიყვარდეს ქურდი, იმის გამო, რომ სახლიდან ყველაფერი მიაქვს. გიყვარდეს ფეთქებადი ქალი, იმის გამო, რომ ის უსაზღვროდ ისტერიულია. უცნაურად ჟღერს, არა? და ეს კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება.
ანამ თავისი გაიტანა და თმიანი ფეხებით დადიოდა. ის ძალიან ამაყობდა, რომ მაქსიმემ ფარ-ხმალი ჩამოყარა. ის ამ თემას აღარ ეხება და ანა ისევ უყვარს.
შემდეგ კი მაქსიმემ გადაწყვიტა თავისი “თავისებურებების” დემონსტრირება. ის ღიად ატარებდა დროს ინტერნეტში სხვადასხვა გაცნობის საიტებზე. ვიღაცასთან მიმოწერა ჰქონდა, ვიღაცას ფოტოს უგზავნიდა, ვიღაცას ფოტოებს უწონებდა. მთლიანობაში, საკმაოდ მხიარულად და არასერიოზულად ატარებდა დროს. ანა ღელავდა.
– ამას რატომ აკეთებ? სხვებს რატომ ეფლირტავები? თანაც ღიად! მე ეს არ მსიამოვნებს. მე შენ მიყვარხარ, შენ კი უკანასკნელი მექალთანესავით იქცევი! თან ამბობ, რომ გიყვარვარ!
– საყვარელო, ძალიან მიყვარხარ. მე უბრალოდ პოლიგამი მამაკაცი ვარ. ასეთი თავისებურება მაქვს – ლამაზ გოგონებთან ფლირტი მიყვარს, ეს მართობს. ღალატს არ ვაპირებ. უბრალოდ, მათთან საუბარი მომწონს. ადრე ვცდილობდი ასეთ გართობაზე უარი მეთქვა, მაგრამ რაკი გადავწყვიტეთ ერთმანეთის მიღება ყველა ჩვენი თავისებურებით, მაშინ ამაზე უარის თქმას აზრი აღარ აქვს. თუ გიყვარვარ, მაშინ მთლიანად უნდა გიყვარდე, ჩემი უცნაურობებით და თავისებურებებით. ისე, როგორც მე მიყვარხარ.
ანა გაოცებული უსმენდა.
– ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ მათგანს უნდა შევხვდე. იმედია, წინააღმდეგი არ ხარ! ხომ გამიგებ და ისევ ხომ გეყვარები?- ნაზად თქვა მაქსიმემ და ძლივს აიცილა მისკენ მოფრენილი ტაფა.
თქვენ ალბათ გესმით, რომ ეს ისტორია არც თმიან ფეხებზეა და არც გაცნობის საიტებზე. არამედ იმაზეა, თუ სად გადის საზღვარი საკუთარი თავის პატივისცემასა და სიყვარულს და საყვარელი ადამიანის სიყვარულსა და პატივისცემას შორის.