
”მე და ჩემი ქმარი რაღაცნაირი უცნაური ცხოვრებით ვცხოვრობთ – ჩხუბის შემდეგ, ერთმანეთს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ველაპარაკებით. ადრე ეს დუმილის პერიოდები გრძელდებოდა რამდენიმე წუთს, შემდეგ რამდენიმე საათს, დღეს, 3 დღეს… ახლა კი რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდება.
ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თავიდან, მის სიჩუმეს ვიტან, ვცდილობ თავი შევიკავო. შემდეგ კი ისე ვჩხუბობთ, რომ საქმე თითქმის განქორწინებამდე მიდის. რაში მჭირდება ასეთი ცხოვრება? ხან სიმშვიდის პერიოდები გვაქვს, როდესაც თითქოს გვიყვარს და გვესმის ერთმანეთის, ხან კი კამათის შემდეგ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით.
ჩემი ქმარი განწყობის კაცია: ხან კეთილი და კარგი განწყობა აქვს, ყველა უყვარს (მეც, შვილებიც, ყველას უთმობს ყურადღებას); შემდეგ კი უმიზეზოდ ღიზიანდება, არაფერი არ მოსწონს და საკუთარ თავში იკეტება.
ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება მწყინს, ვჩხუბობთ და დიდხანს არ ველაპარაკებით ერთმანეთს. უფრო სწორად, მე ვწყვეტ მასთან ურთიერთობას, რადგან ვთვლი, რომ მან მაწყენინა. მინდა, რომ ამას მიხვდეს და თავად შემირიგდეს. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ის არასოდეს არ მოვა, ბოდიშს არ მომიხდის და დუმილის დარღვევას არ შეეცდება. ჩუმად ვარ, მერე ბრაზის მეორე ტალღა მოდის, უკვე იმის გამო, რომ ის არ მირიგდება. თავს ისევ ზედმეტად ვგრძნობ. მით უმეტეს, რომ მისი მხრიდან არანაირ სიყვარულსა და პატივისცემას არ ვგრძნობ.
გამოდის, რომ მე ვწყვეტ ლაპარაკს, რადგან მეწყინა. ველოდები, რომ ამას მიხვდეს. მაგრამ მისი რეაქცია კიდევ უფრო მწყინს! შემდეგ ვფეთქდები და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის შერიგება, როცა უკვე ვაღწევ უკიდურეს მდგომარეობას. ან შეიძლება ერთმანეთს არ ველაპარაკებოდეთ, შემდეგ კი მან დაიწყოს ყოველდღიურ საქმეებზე საუბარი, თითქოს არაფერი მომხდარა და შევრიგდეთ. მაგრამ, ჩვენ არ ვსაუბრობთ არც ჩხუბის მიზეზებზე და არც ჩვენს წყენაზე.
მას ამაზე საუბარი არ სურს. ან შეიძლება მომისმინოს, დამეთანხმოს კიდეც, აღიაროს, რომ ტყუის, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გაიმეოროს.
არ მესმის, ასე რატომ ხდება? მეჩვენება, რომ დუმილის პერიოდები უფრო გრძელი გახდა, ვიდრე ერთად ცხოვრების ჩვეულებრივი პერიოდები. ნუთუ ნორმალურია ასე ცხოვრება, როდესაც ახლობელი ადამიანები რამდენიმე დღის განმავლობაში არ ელაპარაკებიან ერთმანეთს?”
ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი იცნობს მსგავს სიტუაციას, როდესაც ქმარი წყვეტს ლაპარაკს, იკეტება, ან ფორმალურად ურთიერთობს და მთელი თავსი გარეგნობით უკმაყოფილებას გამოხატავს. თქვენ თავს დამნაშავედ გრძნობთ და თავად ურიგდებით. და თუ თავს დამნაშავედ არ გრძნობთ, მაშინ მეორე ჩხუბით არღვევთ სიჩუმეს ან მანიპულირების სხვა, საკუთარ მეთოდებს იყენებთ.
ბევრ ოჯახს შევხვედრივარ, სადაც ჩხუბის დროს ორივე მეუღლე ხანგრძლივად დუმს. მოდით დავფიქრდეთ, რატომ ხდება ასე?
დუმილის უკან მრავალი მიზეზი დგას. ქალს ხშირად არც ესმის და არც აცნობიერებს მათ. მე მივედი დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან ხანგრძლივი დუმილი არის პარტნიორის მიმართ აგრესიის გამოხატვის რბილი ფორმა, საკუთარ სივრცეში მარტო ყოფნის სურვილი. უფრო მეტიც, გარეგნულად ეს ისე ჩანს, რომ პარტნიორზე ხართ ნაწყენი და თქვენ თითქოს საერთოდ არ გინდოდათ მარტო ყოფნა.
მოდით, გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან! შეიძლება თქვენი პარტნიორი ასე სხვა დროსაც იქცეოდეს, მაგრამ იმ დროს თქვენ სულ სხვა განწყობაზე იყოთ და ეს საერთოდ არ შენიშნოთ.
რასაკვირველია, არის პერიოდები, როდესაც ძალიან მგრძნობიარე ხდებით ყველაფრის მიმართ და თავადაც ვერ ამჩნევთ როგორ იწყებთ რაიმე მტკიცებულების ძიებას, რომ მას არ უყვარხართ.
ქალს სურს, რომ ყოველთვის იგრძნოს სიყვარული და ყურადღება, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დამოკიდებულებას ყოველთვის ახლავს ჩხუბი, განშორება, დუმილი, ემოციური სიახლოვის შეწყვეტა.
თუ ურთიერთობაში ასეთი პრობლემებია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალი ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ემოციურ სიახლოვეს და იმის შეგრძნებას, რომ ის საჭიროა.
მამაკაცისადმი გადაჭარბებული ლტოლვა და სიყვარულის ძალიან ძლიერი სურვილი ქმნის დამოკიდებულების პრობლემას. დამოკიდებულებას კი საკუთარი კანონები აქვს. მამაკაცი დუმს, მაგრამ თუ ღრმად შევისწავლით ქალის შინაგან სამყაროს, გაირკვევა, რომ ისიც ვერ უძლებს დიდხანს ძალიან ახლო ურთიერთობას.
როცა მამაკაცი არ ლაპარაკობს, თქვენს მიმართ მოულოდნელად ცივდება და თქვენ არ გესმით ასე რატომ გექცევათ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა თქვენშია, მამაკაცი კი მხოლოდ სარკეა.
ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარ თავში გარკვევა და იმის გაგება, თუ რა ხდება თქვენში. თქვენში რაღაც უკმაყოფილება გროვდება, მაგრამ ფსიქიკა საბავშვო რეჟიმში მუშაობს, როდესაც ყველა უკმაყოფილება იქცევა ბრაზად და გაღიზიანებად.
ნებისმიერი გაბრაზებას ახლავს ურთიერთობის დაკარგვის შიში.
ბავშვი, რომელიც არ იღებს იმას, რაც სურს – გარდა სიბრაზისა, განიცდის სხვა გრძნობებსაც, რომლებიც მას ტანჯავს – უარყოფა, მისი უსარგებლობა, მიტოვებულობა, მარტოობა. ახლო ურთიერთობა, სიყვარული ფიქსირდება არაცნობიერ სამყაროში ტანჯვით, ტკივილით, ბრაზით და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გრძნობით. ამიტომ, მამაკაცთან ურთიერთობაში ცხოვრების კეთილი და კარგი პერიოდი დიდხანს ვერ გაგრძელდება. მას ცვლის ბრაზი, ტკივილი და ტანჯვა, რომელიც თქვენს არაცნობიერ სცენარშია დაწერილი.
პოზიტიური გამოცდილების ნაკლებობის გამო, თქვენ ვერ აგრძელებთ ახლო ურთიერთობას, რითაც თავს იცავთ ნეგატიური გრძნობების გამეორებისაგან.
თქვენ და თქვენი ქმარი პერიოდულად როლებს ცვლით: ხან ის იკეტება თქვენგან, ხან თქვენ მისგან. თქვენი დუმილის პერიოდები – ერთმანეთისგან დასვენების საშუალებაა.
შეიძლება ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ ხშირად შინაგანად გრძნობთ ურთიერთობისაგან დაღლას, გაღიზიანებას, საკუთარი საქმით დაკავების ან უბრალოდ მარტო ყოფნის სურვილს. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ და თქვენს მდგომარეობას ვერ გრძნობთ ჩხუბამდე. ამიტომ, გეჩვენებათ, რომ ჩხუბი თქვენმა ქმარმა დაიწყო. სინამდვილეში, თქვენი შინაგანი მდგომარეობა მას გადაეცა, მან ეს იგრძნო და რეაგირება თავისებურად მოახდინა.
მესმის, რა ძნელია იმის გაგება, თუ სად გიშლით ხელს ბედნიერებაში თქვენი საკუთარი პრობლემები და საიდან იწყება მამაკაცის პრობლემები. მაგრამ, თქვენ ხომ მასთან კავშირში ხართ? თქვენ ხომ ის გიზიდავთ და თქვენ ხომ ერთად ხართ? ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მისი პრობლემები არ არსებობს. მისი პრობლემები, სამწუხაროდ, თქვენი პრობლემებიცაა.