
სუფთა და თანაბარი კანი – სახის კარგი შესახედაობის საწინდარია. გამონაყარის, შავი წერტილების და პოსტაკნეს მოშორება შეიძლება როგორც სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების, ასევე იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებების დახმარებით.
გააქტიურებული ნახშირი
ალბათ ბევრს სმენია გააქტიურებული ნახშირის სარგებლობის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეცეპტია – შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღაბი-ფირი, რომელიც ჟელატინისა და ნახშირისგან მზადდება.
სინამდვილეში, კანის გასაწმენდად სულაც არ არის აუცილებელი ჟელატინის ნიღბის მომზადება. ნახშირს ბევრი ცხიმის მაგნიტს უწოდებს, რადგან მას ნამდვილად შეუძლია კანის ღრმად გაწმენდა.
გააქტიურებული ნახშირი საუკეთესოდ მუშაობს სხვა აბსორბენტთან ერთად. რეცეპტი ძალიან მარტივია: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს დაქუცმაცებული ნახშირი და თეთრი თიხა. გააზავეთ წყლით სქელი იოგურტის მდგომარეობამდე და სახეზე წაისვით. მისი წასმა შესაძლებელია როგორც ადგილობრივად, მხოლოდ კანის ცხიმიან უბნებზე ან გამონაყარის ადგილებზე და ასევე მთლიანად სახეზე, თვალის მიდამოების გამოტოვებით. სრული გაშრობის შემდეგ დაელოდეთ 5 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი კეთდება კურსებით (5-10-ჯერ კანის საწყისი მდგომარეობის მიხედვით) ყოველ 4-5 დღეში ერთხელ.
ღრუბელა (ბადიაგა)
კიდევ ერთი პოპულარული და ეფექტური საშუალება, რომელიც ნატურალური პილინგის როლს ასრულებს. ღრუბელა კარგად ათანაბრებს კანის ტონს და აღადგენს მას.
ღრუბელას გამოყენება არ შეიძლება თუ კანზე ანთებითი პროცესია ან კანის მთლიანობა დარღვეულია.
ღრუბელა დაგეხმარებათ კანის ტონის გათანაბრებაში, პოსტაკნესთან და გაფართოებულ ფორებთან ბრძოლაში. ამ საშუალებას მართლაც ძლიერი ეფექტი გააჩნია, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
ყველაზე მარტივი და პოპულარული რეცეპტია – ღრუბელას ნიღაბი. მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ ღრუბელას წყალთან შერევა (ყველაფერი თვალზომით კეთდება, უნდა მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა). ნიღაბს სახეზე 20 წუთის განმავლობაში იჩერებენ, შემდეგ კი სახეს იბანენ და დამამშვიდებელ კრემს ისვამენ.
თუ ღრუბელა სხვა დროს არ გამოგიყენებიათ, მაშინ ნიღაბს ერთბაშად მთელ სახეზე ნუ წაისვამთ, არამედ მხოლოდ მცირე მონაკვეთებზე – კანის რეაქციაზე დასაკვირვებლად. ასეთი პილინგი ყველასთვის არ არის შესაფერისი, თუმცა მისი გამოყენების შედეგები ზოგჯერ ძვირადღირებული საშუალებების გამოყენების შედეგებს არ ჩამოუვარდება.
კალიუმის პერმანგანატი
დიახ, ეს ბანალური საშუალება ერთდროულად რამდენიმე კოსმეტიკური პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, მისი შეძენა ახალ მარტივი არ არის, თუმცა გაყიდვაში მაინც არის და სურვილის შემთხვევაში მისი პოვნა შესაძლებელია.
სახისთვის კალიუმის პერმანგანატის ხსნარის გამოყენება, მრავალი წლის წინ, ერთმა კოსმეტოლოგმა მირჩია. კალიუმის პერმანგანატით ღამით (ზოგჯერ დღისით, თუ სახლში ვარ და არსად არ ვაპირებ) ვამუშავებ სახეზე ნებისმიერ გამონაყარს, ანთებას და სხვა უსიამოვნებას. შედეგად, შეხორცება ხდება ნაზად, ნაწიბურების და პოსტაკნეს გარეშე.