რძალს ეწყინა, რომ ჩემს შვილიშვილს თმა მისი ნებართვის გარეშე შევაჭერი. რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია?

0
1538

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს, მის კითხვას კი ფსიქოლოგი პასუხობს.

“შვილებმა უქმეებზე პატარა შვილიშვილი მომიყვანეს. მე შევნიშნე, რომ ბავშვს თმა თვალებში უვარდებოდა და ცოტა დავუმოკლე. მის წასაყვანად დედამისი მოვიდა. როდესაც ბავშვის თმა ნახა, მაშინვე შეეტყო, რომ ძალიან ეწყინა. მე ხომ სიკეთის გაკეთება მინდოდა! ვერ ვხვდები, ცუდი რა გავაკეთე და რატომ ჰქონდა ჩემს რძალს ასეთი რეაქცია” – მომწერა ერთმა გამომწერმა.

ბიჭისთვის წინამოს შეჭრა – ეს სულაც არ არის საშინელება. ვიცი შემთხვევები, როდესაც ბებიები გოგო შვილიშვილებს აჭრიან თმას და წელამდე ნაწნავი კარეს მსგავს საცოდავ ვარცხნილობად გადაიქცევა.

ჩემმა მასწავლებელმა მიამბო: ერთხელ ბებიამ პატარა შვილიშვილი დაითანხმა, რომ მისთვის თმა შეეჭრა. გოგონას არ უნდოდა, მაგრამ როგორღაც დათანხმდა. შედეგის ნახვის შემდეგ გოგონა ატირდა. რამდენიმე თვის მანძილზე, სანამ თმა არ გაეზრდებოდა, სარკეში ჩახედვისას ცრემლებად იღვრებოდა. რა საჭირო იყო ბავშვის ასე ტრავმირება?

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს არის პიროვნებაზე ძალადობა. და ბებია-ბაბუის ძალადობის ასეთი ფორმები ძალიან ბევრია. ზოგჯერ, შვილიშვილებს არ უშვებენ იმ ტანსაცმლის ჩაცმას, რომლითაც დასასვენებლად ჩამოვიდნენ. შორტები ძალიან ვიწროა (მიუღებელია!) ჯინსი ძალიან ახალია (“გააფუჭებ და დახევ, ბიძაშენის ბავშვობისდროინდელი ჯინსი ჩაიცვი”). ბავშვისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მან თავისი საყვარელი ნივთები წამოიღო, ის ამ ტანსაცმელში თავს უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველად გრძნობს!

ბავშვი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და მათი წყალობით ყალიბდება პიროვნებად. ბებიას და ბაბუას მასზე იმდენი უფლება არ გააჩნიათ, რამდენიც დედას და მამას. მითუმეტეს, მათ არ შეუძლიათ მათთვის იმის კარნახი, როგორი უნდა იყოს მათი გარეგნობა. ეს რთულია. ხშირად ხდება ხოლმე, რომ შვილიშვილი ისე გამოიყურება, რომ ბებიებს უნდებათ მათთვის სასწრაფოდ ტანსაცმლის გამოცვლა, დაბანა, გამოკვება… მათ ხომ მათთვის სიკეთე უნდათ! თმა თვალებში უვარდებათ (შეჭრა!), ტანსაცმელი სინთეტიკურია (ბამბის ტანსაცმლის ჩაცმა!), თხელია (თბილის ჩაცმა!). არა. ასე არ შეიძლება.

თუ ერთხელ მაინც შეაჭრით შვილიშვილს თმას ან მათი სამოსის ნაცვლად რაიმე თბილს ჩააცმევთ, პირველ რიგში, თქვენთვის იქნება უარესი. იმიტომ, რომ ასეთი ქმედება მშობლებისთვის მიზეზია, რომ ბავშვი არდადეგებზე თქვენთან აღარ გამოუშვან ან ჩამოსვლის შემდეგ მკაცრად გააკონტროლონ ის. მშობლების სახლში ის ისევ გაიზრდის წინამოს და ჩაიცვამს ფერად, სინთეტიკურ ტანსაცმელს, თქვენ კი მასთან ისეთ თავისუფალ ურთიერთობას ვეღარ შეძლებთ, როგორც ადრე.