გავიზარდოთ ლამაზი თმა. 10 რჩევა, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ

0
21

გრძელი, მბზინვარე და მოვლილი თმა – ნებისმიერი გოგონას ოცნებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ლამაზმანი ვერ ახერხებს შესაშური თმის გაზრდას, რის გამოც რჩევისთვის სპეციალისტებს მიმართავენ. ამ პროცესზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ორგანიზმის შინაგანი პროცესები, გარემო ფაქტორები და თმის მოვლის ხარისხი.

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ქალებმა, რომლებიც გრძელ თმაზე ოცნებობენ.

თმის ბოლოების რეგულარული შეჭრა

ბოლოების შეჭრა თმის ზრდას არ დააჩქარებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი ეფექტური მეთოდი გაყოფილ ბოლოებთან საბრძოლველად, რომელიც თმას იერს უფუჭებს და მის შემდგომ გაყოფას უწყობს. უმჯობესია ყოველ 10-12 კვირაში ერთხელ, დაახლოებით 5-6 სმ თმის მოჭრა.

თმის დაბანა ყოველ მეორე დღეს

თმა უნდა დაიბანოთ ყოველ მეორე დღეს, სათანადოდ შერჩეული ხარისხიანი შამპუნის გამოყენებით. უფრო ხშირად დაბანა არ შეიძლება. ხშირი დაბანა თმას აშორებს ბუნებრივ ცხიმებს, რაც ანელებს თმის ზრდას და აუარესებს მის ხარისხს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დაბანისას ყურადღება უნდა გადავიტანოთ თავის კანსა და ძირებზე, რათა თმა მთელს სიგრძეზე არ გამოშრეს.

კონდიციონერის გამოყენება

კონდიციონერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის შიგნით საკვები ნივთიერებების ბალანსის აღდგენაში. იგი ასევე ლუქავს ღია კუტიკულას, რის წყალობითაც თმის შიგნით მავნე ნივთიერებები არ აღწევს. შამპუნით დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით გაიშრეთ და კონდიციონერი ამის შემდეგ დაიტანეთ.

ნიღბებისა და ზეთების მუდმივი გამოყენება

ნიღბები სასარგებლოა, რადგან შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავეებს, რომლებიც გავლენას ახდენს თმის ზრდის დაჩქარებაზე და მათ კვებაზე. ასევე, ნუ უგულებელყოფთ ზეთებს, რომლებიც ასევე ასრულებენ კვების ფუნქციას. ცხიმიანი თმის ეფექტის თავიდან ასაცილებლად, ზეთი შეგიძლიათ თავის დაბანიდან 10 წუთით ადრე წაისვათ.

ვიტამინების გამოყენება

სამწუხაროდ, ვიტამინები და სასარგებლო მიკროელემენტები, რომლებსაც ორგანიზმი მიღებული საკვებიდან ღებულობს, საკმარისი არ არის მისი ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა და ვიტამინების კომპლექსის შერჩევა, რომელიც თმის ზრდასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სწორი სავარცხლის არჩევა

ნიშანი, რომელიც სავარცხლის გამოცვლის აუცილებლობაზე მიუთითებს, არის მასზე ყოველი დავარცხნის შემდეგ დიდი რაოდენობით დარჩენილი თმა. საჭიროა სპეციალური სავარცხლის შეძენა, რომელიც სველი თმის დასავარცხნადაც არის შესაფერისი. თმა ნელ-ნელა და თანდათანობით უნდა დაივარცხნოთ ჯერ ბოლოებიდან, რაც ხელს შეუშლის თმის აწეწვას.

ბალიშის პირების გამოცვლა

თუ თმა იმუხტება და ძალიან ფუვდება, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ ბალიშის პირის ქსოვილს. უმჯობესია უარი თქვათ ბამბის პროდუქტებზე და უპირატესობა მიანიჭოთ აბრეშუმს ან ატლასს, რაც დაგეხმარებათ ამ პრობლემებთან გამკლავებაში.

უარი თქვით თავზე პირსახოცის შემოხვევაზე

სამწუხაროდ, ეს გავრცელებული ჩვევა ცუდად მოქმედებს თმის მდგომარეობაზე. როდესაც სველ თმას პირსახოცში ახვევენ, ის უნებურად იხვევა და ამის გამო იწყებს გაყოფას და მტვრევას. ამიტომ, სჯობს თმა უბრალოდ ნაზად შეიშროთ და სასურველია მიკროფიბერის პირსახოცით.

ჩამოიბანეთ თმა გრილი წყლით

ეს ძალიან დადებითად მოქმედებს თმის ესთეტიკურ გარეგნობაზე. თუ თმას დაბანის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანთ, ის უფრო გლუვი და ბზინვარე გახდება. გარდა ამისა, კულულები უფრო გაჯერებული იქნება ტენიანობით.

თავის მასაჟი

თავის დაბანის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მასაჟის გაკეთებას. თავის კანის მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, რის წყალობითაც სასარგებლო ნივთიერებები უფრო აქტიურად ხვდება თმის ფოლიკულებში. თუ ყოველ ჯერზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეასრულებთ მასაჟის მოძრაობებს თმის ზრდის მიმართულებით, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ დადებით შედეგს მიიღებთ.

ნებადართულია ნაზი დაზელვა, წყვეტილი ზეწოლა ან ჩვეულებრივი დამასაჟება. მთავარია, ამ დროს, მთელი თმა ერთ გროვად არ შეაგროვოთ და არ გახეხოთ, რათა თმა არ გამოშრეს და ასევე ძალიან არ აიწეწოს.