ყავა დიაბეტის დროს – როგორ მოქმედებს კოფეინი ინსულინის გამომუშავებაზე და სისხლში შაქრის დონეზე?

0
18

მეცნიერებმა გამოავლინეს კავშირი ყავის მოხმარებასა და სისხლში შაქრის დონის მატებას შორის – კვლევის თანახმად, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 500 მგ კოფეინს იღებდნენ (2 ფინჯანი ყავის ან ძლიერი ჩაის ექვივალენტი) შაქრის მაღალი დონე აღენიშნებოდათ.

ეს კვლევები პირდაპირ ეწინააღმდეგება პოპულარულ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ყავის მოხმარება დაკავშირებულია დიაბეტის განვითარების უფრო დაბალ რისკთან. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს ყავის მოხმარებაზე.

შეიძლება თუ არა ყავის დალევა დიაბეტის დროს?

ტრადიციულად ითვლებოდა, რომ ყავის მოყვარულებს დიაბეტის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვთ, თუმცა შედეგები მიღებული იყო სტატისტიკური ანალიზის გზით და არა პირდაპირი ექსპერიმენტებით. სავარაუდოა, რომ გავლენას ახდენდა მეორადი ფაქტორები.

უფრო ახალი კვლევები შემუშავებულია კოფეინის ორგანიზმზე პირდაპირი ზემოქმედების შესასწავლად. კერძოდ, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ნივთიერება ამცირებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ – რაც, შედეგად, აუარესებს ორგანიზმის უნარს მოახდინოს გლუკოზის უტილიზირება და ეს გამოიხატება სისხლში შაქრის დონის მატებით.

თუმცა, ეს დასკვნაც არაერთმნიშვნელოვანია. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ კოფეინის მოქმედებისადმი მგრძნობელობა განისაზღვრება მინიმუმ ორი გენის მუშაობით და ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმს შეუძლია კოფეინის უკეთ (და სწრაფად) უტილიზირება.

შევისწავლოთ დოზები

მთავარი პრობლემა – სასმელებში კოფეინის განსხვავებული შემცველობაა. შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრა, თუ რამდენს შეიცავს ფინჯანი ყავა ან ჩაი – ეს დამოკიდებულია სახეობაზე და ასევე მომზადების მექანიზმზე.

სისხლში შაქრის დონის ასამაღლებლად ნაჩვენები დოზა იყო 500 მგ კოფეინი (მისი სუფთა სახით) – რაც შეიძლება შეესაბამებოდეს ორი ფინჯან ესპრესოს ან 1 ლიტრ წყლიან ყავას.

კოფეინის მოქმედების მექანიზმი

კოფეინის მოქმედების მექანიზმი ემყარება ჰორმონ ადენოზინის და ფერმენტ ფოსფოდიესტერაზას ბლოკირებას. ტვინზე მოქმედებით ადენოზინი იწვევს მოდუნებას – თუმცა ჩაის ან ყავის დალევისას ეს მოქმედება იბლოკება, რაც ირიბად იწვევს გამამხნევებელ ეფექტს.

გარდა ამისა, კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს – ამ ჰორმონს შეუძლია შეამციროს სხეულის უჯრედების მიერ გლუკოზის გამოყენების უნარი და ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს ინსულინის გამომუშავებაზე (დააქვეითოს). თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია დოზაზე და ორგანიზმის ტოლერანტობის დონეზე.

ბუნებრივი ანტიოქსიდანტები

ნატურალური ყავის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ასეულამდე სხვადასხვა კომპონენტი – პირველ რიგში პოლიფენოლები და ანტიოქსიდანტები.

ნატურალური ჩაი (განსაკუთრებით მწვანე ჩაი) ასევე შეიცავს ძლიერ ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, კახეტინებს, რომლებიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე.

თუმცა, ყავის კვლევები გულისხმობდა კოფეინის გავლენის შესწავლას მისი სუფთა სახით – უფრო ზუსტი მონაცემებისთვის.

პრაქტიკული რეკომენდაციები

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს ყავის დალევის შემდეგ ეცვლებოდათ ორგანიზმის რეაქცია სხვა ნახშირწყლოვანი საკვების მოხმარებაზე – კერძოდ, უფრო ძლიერად იზრდებოდა სისხლში შაქრის დონე და ასევე იცვლებოდა ინსულინის გამომუშავების დონე.

გარდა ამისა, 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფინჯანი კოფეინიანი ყავა (უკოფეინო ყავასთან შედარებით) გავლენას ახდენდა ადამიანების გემოვნების რეცეპტორებზე, განსაკუთრებით საკვების სიტკბოს დონის ინტერპრეტაციაზე, რითაც ზრდიდა ტკბილეულისადმი ლტოლვას.

სავარაუდოა, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს დამატკბობლების გამოყენებისასაც. თეორიულად, ზოგიერთ მათგანს შეუძლია ინსულინის წარმოების პროცესებში ცვლილებების პროვოცირება – ვინაიდან ორგანიზმი მაინც გრძნობს ტკბილ გემოს.

დასკვნა

განმარტებით ჩანაწერში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიაბეტით ან პრედიაბეტით დაავადებული ადამიანები უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ ჩაისა და ყავაში არსებული კოფეინის გამოყენებისას – თუმცა დასძენენ, რომ კვლევებში ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (14 ადამიანი).

კოფეინის ეფექტი განსაკუთრებით ძლიერ შეიძლება გამოვლინდეს ტკბილ საკვებთან ერთად მოხმარებისას – იგულისხმება, როგორც სწრაფი ნახშირწყლები, ასევე, შესაძლოა, დამატკბობლებიც.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ყავის დალევამ შეიძლება შეცვალოს ინსულინის გამომუშავების დონე და გაზარდოს სისხლში შაქრის დონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში – ყოველ შემთხვევაში, გენების გარკვეული კომბინაციის მქონე ადამიანებში და კოფეინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.