
კბილების გახეხვა კბილის პასტით იმდენად ბუნებრივია, რომ ალტერნატიულ მეთოდებზე მხოლოდ ერთეულები ფიქრობენ. უფრო ადვილია მაღაზიაში არომატული საშუალების ტუბი შეიძინოთ და პირის ღრუ მარტივად მოიწესრიგოთ. და რას იტყვით კბილის ფხვნილზე? არა, არა უბრალოდ ფხვნილზე, არამედ ყველაზე სასარგებლო ფხვნილზე ძლიერი კბილების და ჯანსაღი ღრძილებისთვის.
Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ჭინჭრის ფოთლებისგან დამზადებულ კბილის ფხვნილის შინაურულ რეცეპტს, რომელიც ჯანსაღ და ლამაზ ღიმილს გაჩუქებთ.
კბილის ფხვნილი
უძველესი დროიდან ჭინჭარი ხალხური მედიცინის რეცეპტებში გამოიყენებოდა. ის შესანიშნავ კვების პროდუქტად და პირველი კლასის მკურნალად ითვლება. ჭინჭარი მდიდარია C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით, კაროტინით, ცილებით, ბევრი ქლოროფილით და მინერალური ნივთიერებებით.
სასარგებლო მცენარე შეგიძლიათ უახლოეს აფთიაქში შეიძინოთ ან თავად შეაგროვოთ. მცენარის ახალგაზრდა ფოთლებს ფართოდ გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაში, დერმატოლოგიასა და გინეკოლოგიაში. ჭინჭრით ამზადებენ პირველ კერძებს და ადუღებენ ჩაის, ასევე ამზადებენ სამკურნალო ნახარშებს და ფხვნილებს. მცენარე კი არა, ნამდვილი მკურნალია!
ჭინჭარზე დაფუძნებული პრეპარატები სტომატოლოგიაში კარიესის და ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკისთვის ფართოდ გამოიყენება. უნიკალური სისხლის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ჭინჭრის ფხვნილი კატარალური გინგივიტის დროს ღრძილების სისხლდენას აჩერებს, ასევე მტკივნეულ შეგრძნებებს აქრობს და ანთებით პროცესებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჭინჭრიდან კბილის ფხვნილის მომზადება ძალიან მარტივია! ჩვენს ინსტრუქციებს მიყევით და პირის ღრუს მოსავლელად სასარგებლო და ეკოლოგიურ საშუალებას ადვილად მიიღებთ.
მომზადება და გამოყენება
1. კბილის ფხვნილის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭინჭრის ფოთლები, ფესვები, ყვავილები და თესლი. უდაოდ, სამკურნალო ნედლი მასალის შესაგროვებლად ეკოლოგიურად სუფთა რაიონები უნდა შეარჩიოთ, რომელიც გზიდან და სამრეწველო დაბინძურების წყაროებისგან შორსაა. წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი ეფექტის ნაცვლად უკურეაქციას მიიღებთ.
ჭინჭრის ფოთლებს სეზონზე 3-ჯერ კრეფენ. პირველად მაისში, როცა პირველი ჭინჭარი ჩნდება, მეორედ – ყვავილობის დროს, მესამედ მცენარის თესლის გაჩენის პერიოდში.
2. ყველა ინგრედიენტი ბნელ ადგილას გაახმეთ. როცა მასალა მზად იქნება, ყავის საფქვავში კარგად დაფქვით, წინასწარ ტოტები მოაშორეთ. თუ არ იზარმაცებთ და მცენარის ახალგაზრდა ფესვებს დაუმატებთ, მაშინ მზა ფხვნილი მოყვითალო შეფერილობას და სასიამოვნო გემოს შეიძენს.
3. კარიესის და ღრძილების სისხლდენის პროფილაქტიკისთვის საკმარისია ჭინჭრის ფხვნილი კვირაში ერთხელ გამოიყენოთ. საშუალება სტომატოლოგიურ პრობლემებს ეფექტურად უმკლავდება, ის უვნებელია და უფრო ნაკლები აბრაზიული ნაწილები აქვს, ვიდრე მაღაზიაში შეძენილ პროდუქტს, რაც მთავარია – თავად ბუნებამ გვაჩუქა.
გახსოვდეთ, რომ სტომატოლოგთან რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და რაციონალური ჰიგიენა ჯანსაღი და ლამაზი კბილების გარანტიაა! ჩემმა ექიმმა პირის ღრუს მოვლის ეს საშუალება აღიარა. რატომ არ უნდა სცადოთ?
სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, კომენტარებში კი გვიამბეთ, თუ რომელ შინაურულ საშუალებას იყენებთ პირის ღრუს მოსავლელად.