
ვეჭვობ, რომ ჩემი მეგობარი თაღლითია. მართალია, პირდაპირი მტკიცებულებები არ გამაჩნია, თუმცა ახლა ამაში თითქმის ბოლომდე ვარ დარწმუნებული. მე და ჩემი ქმარი ბინის გარემონტებას ვგეგმავდით და მუშებს ვეძებდით. სერგო ამბობდა, რომ ამ საქმეს თავისი მეგობრების დახმარებით გაართმევდა თავს, თუმცა მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ასეთ შემთხვევაში სარემონტო პროცესი დროში გაიწელებოდა.
ჩემმა მეგობარმა თავისი ახლო ნაცნობის მუშები ბრიგადა შემომთავაზა. როგორც გაირკვა, ვიტალი მათი ხელმძღვანელი და სამუშაოთა მწარმოებელია. მათი მომსახურების ღირებულება მართლაც საბაზრო ფასზე დაბალი იყო, ამიტომაც მათ დაქირავებას დავთანხმდი. მოკლედ, ყველა დეტალი წინასწარ განვიხილეთ. ერთი შეხედვით, ვიტალი თავისი საქმის უბადლო მცოდნე ჩანდა. იგი აგრეთვე დამპირდა, რომ მასალებს შეღავათიან ფასად მაყიდინებდა.
მე და ჩემი ქმარი დროებით სოფელში გადავედით საცხოვრებლად, ქალაქში პერიოდულად ჩამოვდიოდით იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მიდიოდა სარემონტო სამუშაოები. თავიდან ჩვენი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ვიტალიმ უხარისხო მასალები მოიტანა, რაზეც წინასწარ არ ვიყავით შეთანხმებულები. ამასთან დაკავშირებით სერგომ მას პრეტენზია წაუყენა და ხარჯების სრული აღრიცხვა მოსთხოვა. მოგვიანებით ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ უსამართლოდ და უმადურად ვიქცეოდი. მისი თქმით, მე და სერგო მადლიერების გამოხატვის ნაცვლად გარჩევებს ვაწყობდით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სალომე ვიტალის წესიერად არც კი იცნობდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ისინი გარიგებულები იყვნენ და თაღლითური გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. მოკლედ, ვიჩხუბეთ, რის შემდეგაც სალომესთან ურთიერთობა გავწყვიტე.