
- – ბატონო ზურაბ, აქ ერთმა გოგომ რეზიუმე გამოგზავნა პროგრამისტის თანამდებობაზე, – პირდაპირ კარიდან თქვა გიორგიმ, პერსონალის მენეჯერმა. – ნახავთ?
- – მომაშორე! – ხელი გაიქნია განყოფილების უფროსმა, ბატონმა ზურაბმა. – ქალებიღა მაკლდა ჩემს განყოფილებაში, ეგენი ისეთივე პროგრამისტები არიან, როგორიც მე ბალერინა!
- – დიახ, საშინელი სანახაობაა, – ჩაიცინა გიორგიმ. მან წარმოიდგინა, როგორ თამაშობდა მომაკვდავ გედს თეთრ კოლგოტებში და ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი ბატონი ზურაბი.
- – თავად დაფიქრდი, – განაგრძო ბატონმა ზურაბმა. – ჩვენ ზოგჯერ აქ შეგვიძლია შევიგინოთ კიდეც. გოგონები კი დახვეწილი ბუნების არსებები არიან, შეიძლება ეწყინოთ. მერე მიდი და დაამშვიდე… არა! არ გვინდა.
გიორგიმ ამ გოგოს რეზიუმე ბატონი ზურაბის მაგიდაზე დადო და თქვა:
- – კარგი, თუ არ გინდა, არ მივიღოთ. უბრალოდ, მე უნდა მივწერო, რა მიზეზით არ მოვიწვიეთ გასაუბრებაზე.
- – ასეც დაწერე, იმიტომ, რომ ქალია! – ხმამაღლა თქვა ბატონმა ზურაბმა და ისევ მონიტორში ჩარგო თავი.
ორი კვირა დადიოდნენ კანდიდატები გასაუბრებაზე და ბატონ ზურაბს არც ერთი მათგანი არ მოსწონდა: ზოგს ცოდნა არ ჰქონდა საკმარისი, ზოგის გონება არ მუშაობდა სწორი მიმართულებით, ზოგი ფეთქებადი პიროვნება იყო. გიორგის სურდა სწრაფად დაეხურა ეს ვაკანსია, მაგრამ ბატონ ზურაბს არავინ მოსწონდა.
- – ბატონო ზურაბ, საკმარისია, მოდი რომელიმე მათგანი ავიყვანოთ, – შეევედრა ზაზა, რომელიც განყოფილებაში ერთადერთ პროგრამისტად დარჩა. – დასასვენებლად მინდა წასვლა! ახალბედას კი ყველაფერს ვასწავლით!
- – ადვილი სათქმელია – ვასწავლით! გაბრაზებულმა თქვა ბატონმა გიორგიმ. – ჯერ სცადე, სულელს რამე ასწავლე და მერე ვილაპარაკოთ.
- – ძალიან, მარტივად! თამამად თქვა ზაზამ.
- – კარგი, – დაეთანხმა მას ბატონი ზურაბი, – ვნახავ, “ნებისმიერს” როგორ ასწავლი!
- – ესე იგი, იმ გოგონას ვიწვევთ გასაუბრებაზე? – იკითხა გიორგიმ.
- – არა! – ერთხმად უპასუხეს ბატონმა ზურაბმა და ზაზამ.
- – არა! გაიმეორა ბატონმა ზურაბმა.
- – სწორედაც, რომ მას! – თითი მაღლა ასწია, ჭკვიანური მზერით ზაზამ.
ზაზა და ბატონი ზურაბი ძველი მეგობრები იყვნენ. ზურაბის უფროსად დანიშვნამაც კი ხელი არ შეუშალა მათ მეგობრობას და ორივე ხვდებოდა, რომ ზურაბი მართლაც უფრო პასუხისმგებელი იყო, მაგრამ ზაზა კი იყო პროგრამისტი ღვთისგან. მაგრამ სრულიად უდისციპლინო.
- – შესანიშნავია, – გახარებულმა თქვა გიორგიმ, – ამ გოგოს მოვიწვევ.
გასაუბრება დაინიშნა მეორე დღეს, 14:00 საათზე, პირდაპირ შესვენების შემდეგ. ლანჩის შემდეგ გიორგი, ბატონი ზურაბი, ზაზა და სხვა განყოფილებების კოლეგები გარეთ გავიდნენ მოსაწევად. ოფისისკენ, თავდაჯერებული ნაბიჯით, მოხდენილი, თვალწარმტაცი გოგონა მოდიოდა, რომელიც მაშინვე შენიშნეს მწეველმა მეგობრებმა.
მოულოდნელად გოგონას გვერდით მარგინალური გარეგნობის მოუწესრიგებელი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც მის გასწრებას ცდილობდა. ვერ გაუძლო ასეთ სილამაზეს და გოგონას საჯდომზე ხელი წამოარტყა. გოგონამ მაშინვე მოახდინა რეაგირება და მთელი ძალით თავში ჩანთა ჩაარტყა. კაცმა თავზე ხელები აიფარა, გოგონამ კი მას მუხლი ფეხებს შორის მოარტყა. მამაკაცი დაიხარა, გოგონამ კი თმების სწორებით მშვიდად გააგრძელა ოფისისკენ გზა.
ასეთმა სანახაობამ მწეველები გამოაცოცხლა, ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ გოგონას რეაქციით. უცებ, გიორგი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის გოგონა იყო, რომელიც მან გასაუბრებაზე დაიბარა.
- – ბატონო ზურაბ, მთავარია, საჯდომზე ხელი არ დაადო, – თქვა გიორგიმ სიცილით.
- – და ნუ გაუშინაურდები, თორემ ნახე რა მაგარი მუხლები აქვს, – გაუცინა ზაზამ.
გასაუბრებამ უჩვეულოდ ჩაიარა. დროდადრო, სანამ ნანა თავის გამოცდილებაზე საუბრობდა, გიორგი პირზე ხელს იფარებდა და იცინოდა, ოფისთან გამართული სცენა ახსენდებოდა. ბატონი ზურაბი კი მკაცრი მზერით ათვალიერებდა მის რეზიუმეს და თქვა:
- – როგორ ჩაარტყით ჩანთა და მუხლი! რეზიუმეში კი წერია: “სტრესგამძლეობა”
- – ამიტომაც ცივსისხლიანად ვცემე, – მშვიდად უპასუხა ნანამ.
აქ ბატონმა ზურაბმაც კი ვერ გაუძლო და ხმამაღლა დაიწყო სიცილი. გაიცინა, ცრემლები მოიწმინდა და თქვა:
- – დიახ, იუმორის გრძნობის მქონე სპეციალისტები ნამდვილად არ გვყავს. აბა, ვნახოთ, როგორ გამოიჩენთ თავს სამსახურში.
ნანა კარგი პროგრამისტი აღმოჩნდა, მან მარტივად გაართვა თავი დასახულ ამოცანას და სწრაფად ისწავლა ის, რაც არ იცოდა. გარდა პროგრამირებისა, ის ძალიან საქმიანი აღმოჩნდა – კაბინეტში მიამაგრა ერთი თვის წინ ჩამოვარდნილი თარო, თავად გამოცვალა ონკანი, რომელიც ჟონავდა და კარის სახელურიც გააკეთა. როდესაც ბრაზობდა, ისე ოსტატურად იგინებოდა, რომ ბატონი ზურაბიც კი პატივისცემის გრძნობით აივსო მის მიმართ.
- – ბატონო ზურაბ, ნანა კარგი პროგრამისტი აღმოჩნდა, თქვენ კი ამბობდით ქალები არ გვჭირდებაო, – თქვა ზაზამ.
- – ეს, რანაირი ქალია? – მკაცრად უპასუხა ბატონმა ზურაბმა. – ეს ჩვენი ადამიანია! ცეცხლსაც გაუძლებს და წყალსაც!