
ზოგჯერ მშობლებმა არ იციან საზღვრები შვილების სიყვარულში და ხშირად ეს მათთვისაც საზიანოა და შვილებისთვისაც. რაც ზოგიერთისთვის სიყვარული და მზრუნველობაა, სხვებისთვის ყოველგვარი პიროვნული საზღვრების დარღვევაა. ასე მოხდა Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ ისტორიაშიც. მშობლებმა შვილს ქორწილის დღეს გულუხვი საჩუქარი გადასცეს. თუმცა, ეს ყველაფერი ისე არ დასრულებულა, როგორც მათ სურდათ.
ქორწილის საჩუქარი
ჩვენი შვილი ჩვენთვის არის ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია. ის ჩვენი ერთადერთი შვილია. მთელი ცხოვრება ვცდილობდით მისთვის ყველაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ მან ჩვენი დახმარება სათანადოდ არ დააფასა. მშობლებს ზურგი შეაქცია და არც მესმის რაში მიგვიძღვის დანაშაული. თუმცა… ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.
ორი წლის წინ ჩვენმა ვაჟმა გიორგიმ დაქორწინება გადაწყვიტა. მათ დიდი ქორწილი არ სურდათ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ შვილებს ღირსეული საჩუქრის გარეშე ვერ დავტოვებდით. ქორწილამდე იპოთეკა გავაფორმეთ და ახალგაზრდებს ბინა ვუყიდეთ. გაფორმებით, რა თქმა უნდა, ჩვენს სახელზე გავიფორმეთ. რძალი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ოჯახის წევრზე გაფორმება რაღაცნაირად უფრო საიმედოა. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენს შვილს სახლი ჰქონოდა.
ქორწილში ახალგაზრდებს სახლის გასაღები გადავეცით საჩუქრად. ერთი გასაღები ჩემთვის დავიტოვე. მაშინ ძალიან გაუხარდათ და ძალიან მადლობლები იყვნენ. მე და ჩემი მეუღლეც ბედნიერები ვიყავით მათ გამო.
ახალი ბინა
ქორწილის შემდეგ მაშინვე ახალ ბინაში გადავიდნენ და საკუთარი ხარჯებით მოაწყვეს. ჩემი რძლის გახარება მინდოდა, ამიტომ დროდადრო მათ ბინაში სიარული დავიწყე. მთელი დღე სამსახურში არიან. სანამ ისინი სახლში არ იქნებიან, მე მოვალ, გავასუფთავებ, მოვამზადებ საჭმელს. ჩემი რძალი ფეთხუმია. როცა არ უნდა მოვიდე, სახლი არეულია. უამრავი სარეცხი, უნიტაზი არ არის სუფთა. საჭმლის მომზადებაზე აღარ ვლაპარაკობ, სოსისების გარდა მაცივარში არაფერი მინახავს.
ასე რომ, მათთან თითქმის ყოველდღე დავიწყე სიარული. მე მათ თავს არ ვაბეზრებდი, მაშინ მოვდიოდი, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ, მერე ჩემს შვილს ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რაც გავაკეთე. ვთხოვდი, რომ სახლი უფრო ხშირად დაელაგებინათ და ჯანსაღად ეკვებათ. სახლში მომზადებული საკვების გარეშე, როგორ შეიძლება? მე მეგონა, რომ მათი ცხოვრების ხარისხს ვაუმჯობესებდი.
ერთ დღეს ჩვენი შვილი ჩვენთან მოვიდა და ბინის გასაღები დაგვიტოვა შემდეგი სიტყვებით: “თუ თქვენ აპირებთ, რომ გამუდმებით ჩაერიოთ ჩვენს ცხოვრებაში და გვიკარნახოთ როგორ მოვიქცეთ, მაშინ მე ეს ბინა არ მჭირდება. თქვენ მუდმივად გვადანაშაულებთ. ხან ამბობთ, რომ ყოველდღე არ გირეკავთ, ხან ამბობთ, რომ რჩევა არ მიკითხავს, სად წავსულიყავი დასასვენებლად. მაგრამ, მე არ ვარ ვალდებული, რომ ეს გავაკეთო. მე და ჩემს მეუღლეს თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როდის დავალაგოთ სახლი და რა ვჭამოთ!”
დატოვა გასაღებები და წავიდა. აღმოჩნდა, რომ ისინი ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ. მისი პრეტენზიების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ცუდი დედა ვიყავი, რადგან მათ ყველაფერში ვეხმარებოდი. ჩვენ ხომ მასზე ვზრუნავთ. ახლა როგორ მოვიქცე? წავიდე და პატიება ვთხოვო იმის გამო, რომ მათზე ვზრუნავდი?
რედაქციის აზრი
მშობლებმა შვილს ქორწილის დღეს გულუხვი საჩუქარი გადასცეს, თუმცა მათ არ გაუფრთხილებიათ, რომ ამას ტოტალური კონტროლიც მოჰყვებოდა. რა თქმა უნდა, არავის ენდომებოდა მშობლების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება. როგორც ჩანს, ბინაც კი არ იქცა ახალგაზრდებისთვის სერიოზულ არგუმენტად. ვფიქრობთ, სიუჟეტის გმირმა უნდა გადახედოს თავის შეხედულებებს ცხოვრებაზე და ეცადოს გაუგოს თავის შვილს.