6 მარტივი პრაქტიკა, რომელიც გარშემომყოფებთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ

0
33

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ფილოსოფიის დოქტორი კეროლ ბრიუესი საუბრობს 6 მარტივი პრაქტიკის შესახებ, რომელიც გარშემომყოფებთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

ბევრ ჩვენგანს ინტუიციურად ესმის, რომ სხვებთან კარგი ურთიერთობა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის. ფილოსოფიის დოქტორმა რობერტ ვალდინგერმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში თქვა: “ადამიანები, რომლებიც უფრო მყარ სოციალურ კავშირებს ინარჩუნებენ – ოჯახთან, მეგობრებთან, საზოგადოებასთან – უფრო ბედნიერები არიან. ისინი ფიზიკურად უფრო ჯანმრთელები არიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე სუსტი კავშირების მქონე ადამიანები”.

საქმე მხოლოდ ოჯახურ და რომანტიკულ ურთიერთობებს არ ეხება. იგულისხმება ნებისმიერი ადამიანური ურთიერთქმედება – სოციალური კომუნიკაციიდან პროფესიულამდე. ამ ურთიერთობების მცირედ გაუმჯობესებაც კი დიდ შედეგებამდე მივყავართ. შეგიძლიათ ამ ექვსი პრაქტიკით დაიწყოთ.

1. აზრების შეცვლა.სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. და არა მხოლოდ იმ სიტყვებს, რომლებსაც ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, არამედ იმ სიტყვებსაც, რომლებიც ჩვენს ფიქრებში რჩება.ის, თუ როგორ ვაფასებთ სხვებს, მათ გადაწყვეტილებებს, ქცევებს, პიროვნულ თვისებებს და თუნდაც გამაღიზიანებელ ჩვევებს, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე. როდესაც საყვარელ ადამიანთან, კოლეგასთან ან ოჯახის წევრთან საუბრისას ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით: “მას ძალიან უყვარს ყველაფრის გაკონტროლება“, “არასდროს არ მისმენს” ან “რა ეგოისტია”, ჩვენ ქვეცნობიერად ვიწყებთ ამ აზრის დადასტურების ძიებას.

სიტუაციის შესაცვლელად, საჭიროა სამი რაღაცის გაკეთება. უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით, როდის ჩნდება ასეთი უარყოფითი აზრები თქვენს თავში. მეორეც, დროულად შეაჩერეთ საკუთარი თავი. მესამე, ჩაანაცვლეთ ისინი დადებითი სიტყვებით ან ფრაზებით.არა, მე არ მოგიწოდებთ, თქვენი აზრების ჩანაცვლებას ცრუ მტკიცებებით, მაგალითად, იმას რომ ფრაზა: “ის არასოდეს არ მისმენს”, ჩაანაცვლოთ ფრაზით: “ის ყოველთვის მისმენს”. საუბარია გაგების გამოხატვაზე – “ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“ ან იმის აღნიშვნა, რომ ადამიანი სწორი მიმართულებით მიდის – “ის მხოლოდ გზის დასაწყისშია”.

გაგიკვირდებათ, რამდენად სწრაფად იცვლება ურთიერთობის ხარისხი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ ეს არის: “ისინი შეიძლება მართლები იყვნენ”. ეს უბრალო აზრი მაკარგვინებს კამათში გამარჯვების და ზოგადად მასში ჩართვის სურვილს. გამოიყენეთ ეს ფრაზა ან საკუთარი “დევიზი” აირჩიეთ, დაწერეთ სტიკერზე და თვალსაჩინო ადგილას მიამაგრეთ.

2. შექმენით პოზიტიური მომენტები.ბევრს სურს ისწავლოს “მომენტის დაჭერა” და უფრო მეტად იყოს ჩართული იმაში, რაც ხდება აქ და ახლა. აღმოჩნდა, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. საკმარისია გაიგოთ სახელი და მადლობა გადაუხადოთ კონსულტანტს, რომელიც თქვენი მისაღები ოთახისათვის შპალერის შერჩევაში დაგეხმარათ. ან დაინტერესდეთ, როგორ არის თქვენი კოლეგა.

როდესაც პატარა პოზიტიურ მომენტებს უზიარებთ სხვა ადამიანებს, იქნება ეს თბილი ღიმილი თუ მზერა, თქვენ დადებით ემოციებს უშვებთ თქვენს ცხოვრებაში. ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ასეთ მომენტებში სიყვარულს გრძნობთ.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სიყვარული, რომელსაც რომეო და ჯულიეტა განიცდიდნენ, მაგრამ ეს გრძნობა დაგეხმარებათ იცხოვროთ ხანგრძლივი, ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრებით. დაიწყება ჯაჭვური რეაქცია – პოზიტივის მიკრო მომენტები უცნობებთან, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო ემოციების ტალღად გადაიქცევა. ის სასარგებლო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენს გარშემომყოფთა ცხოვრებაზეც.

3. ხელის დაჭერა.როდესაც პარტნიორთან ჩხუბობთ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თქვენ მაინც ერთი გუნდი ხართ. ამის დამახსოვრების კარგი მეთოდია – ჩხუბის დროს ერთმანეთის ხელის დაჭერა. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ასეთი ჟესტი ხელს უწყობს შინაგანი კავშირის შეგრძნებას და არბილებს კონფლიქტის დესტრუქციულობას.

თუ თქვენს შემთხვევაში ეს მეთოდი არ მუშაობს, შეეცადეთ მოიფიქროთ თქვენი საკუთარი რიტუალი. მაგალითად, შეწყვიტოთ კამათი 10 წამიანი კოცნით. ან გააკეთოთ მუშტი და შემდეგ ასწიოთ სამი თითი: ცერა, საჩვენებელი და ნეკა თითი. ეს არავერბალური სიმბოლო ნიშნავს “მიყვარხარ” და შეგიძლიათ მისი დემონსტრირება მოახდინოთ უშუალოდ კონფლიქტის დროს.ერთხელ ინტერვიუ ავიღე წყვილთან, რომელსაც ძალიან უჩვეულო წესი ჰქონდა – ისინი მხოლოდ შიშვლები ჩხუბობდნენ. რა თქმა უნდა, მათი უთანხმოება იშვიათად გრძელდებოდა დიდხანს.

4. დასვით ღია კითხვები.არის ერთი ფრაზა, რომელიც განსაკუთრებით მაღიზიანებს: “კომუნიკაცია არის წარმატებული ურთიერთობების საიდუმლო“.ვერ ვიტყვი, რომ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ კომუნიკაცია რთული რამაა. ყველა სახის კომუნიკაციას ერთი და იგივე ღირებულება არ გააჩნია, მაგალითად, ყვირილი და ტყუილი – ასევე კომუნიკაციაა.

აქტიური მოსმენა – არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთობების დამყარებას. ამისათვის, თქვენ უბრალოდ უნდა მოუსმინოთ ადამიანს და უნდა შეეცადოთ მის გაგებას, უნდა მისცეთ საშუალება, რათა მან გიამბოთ საკუთარი ისტორია, გაგიზიაროთ საკუთარი შიშები, იმედები და შთაბეჭდილებები.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრაქტიკა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ურთიერთობების განსამტკიცებლად, არის მეტი მოსმენა, ნაკლები საუბარი და ღია კითხვების დასმა. შეეცადეთ ეს დღეში ერთხელ მაინც გააკეთოთ. ჰკითხეთ თქვენს გვერდით მჯდომ კოლეგას, რა იყო მისთვის ამ კვირაში მთავარი. ჰკითხეთ მეზობელს, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობს, რა ეხმარება მას განწყობის გაუმჯობესებაში. ან ჰკითხეთ თქვენს შვილს, რის გაკეთება სურს ამ წლის განმავლობაში.

შემდეგ უბრალოდ ყურადღებით მოუსმინეთ პასუხებს სიტყვის შეწყვეტის ან სხვის ნაცვლად პასუხის გაცემის მცდელობის გარეშე. ამით, გარშემომყოფები მიხვდებიან, რომ ნამდვილად გაინტერესებთ ისინი.

5. დაგეგმეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად.სერიოზული ურთიერთობები მუდმივ ინვესტიციებს მოითხოვს. მეგობრობა ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ყველაზე ძლიერი კავშირიც კი შეიძლება ნულამდე დავიდეს. მით უმეტეს, თუ არ ცდილობთ მის შენარჩუნებას.ეცადეთ, ყოველ კვირას ან თვეში გამონახოთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. თუ ვერ შეძლებთ პირადად შეხვედრას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ზარი ან ტელეფონზე დაურეკოთ.

ეს მცირე, მაგრამ რეგულარული “ინვესტიცია” აუცილებელია ახლო ურთიერთობების განვითარების და მათი შენარჩუნებისათვის.

6. დროულად მოიხადეთ ბოდიში.ბევრ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსრულებია ურთიერთობა უხერხულად და დაუფიქრებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ, რაც ნიშნავს, რომ არ ვართ სრულყოფილები. ან, საპირისპირო მხარეს აღმოვჩენილვართ – ჩვენთან შეუწყვეტიათ კომუნიკაცია არც თუ ისე საუკეთესო გზით. რომელ მხარესაც არ უნდა ვიყოთ, მაინც რჩება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ასოცირდება ყოფილ უფროსთან, მეზობელთან, ყოფილ პარტნიორთან ან სხვასთან.

დროა, ბოლოს და ბოლოს, დავსვათ წერტილი და მივწეროთ მესიჯი მას, ვისთანაც არც თუ ისე ლამაზად გავწყვიტეთ ურთიერთობა. უკეთესია, თუ ბოდიშის მოხდა იქნება მოკლე და მარტივი. ჩვენ კი უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ შეცდომებზე.

თუ გადაწყვეტთ მსგავსი შეტყობინების გაგზავნას, პასუხს ნუ დაელოდებით. თანამოსაუბრემ წაიკითხა და რეაგირება მოახდინა? მშვენიერია! მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პატიება რთული შინაგანი პროცესია. ყველაფერი, რის გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ, ეს არის არასაჭირო ემოციებისაგან გათავისუფლება და გზის გაგრძელება.