პლანეტარული კიბის მეხუთე საფეხური, ანუ თქვენი თავისუფლების ზონა

0
55

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია პლანეტარული კიბის მეხუთე საფეხურზე.

შეგახსენებთ, რომ პლანეტარული კიბე არის შესანიშნავი და ამავე დროს საკმაოდ მარტივი მეთოდი საკუთარი თავის შესაცნობად, ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად, საკუთარი კარმისა და მისიის შესაცნობად. ამ მეთოდის გამოყენებით, ჩვენ ვაანალიზებთ მხოლოდ მნათობების (მთვარე, მზე) და სეპტენარული პლანეტების (მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი) მდებარეობის თანმიმდევრობას ნატალურ რუკაზე. ამისათვის, ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ვერძის ნულოვანი გრადუსიდან და გავდივართ ზოდიაქოს ყველა ნიშანს თანმიმდევრობით (ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი და ა. შ), იმის განსაზღვრით, თუ რომელი პლანეტა/მნათობი არის რუკაზე პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე. ამრიგად, პირველი პლანეტა/მნათობი შეესაბამება პირველ საფეხურს, მეორე – მეორეს, მესამე – მესამეს და ა.შ. პლანეტარული კიბე მხოლოდ 7 საფეხურისგან შედგება.

მეხუთე პლანეტა იძლევა უამრავ თავისუფლებას, შანსს და შესაძლებლობებს თავისი ფუნქციებისა და მართვის სფეროებში. აქ ყველას აქვს მრავალფეროვანი არჩევანი და გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, ზემოდან არაფერი გვზღუდავს. ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას რა, როგორ და როდის გავაკეთოთ ეს. მეხუთე საფეხურის მიხედვით, ჩვენ მოკლებული ვართ ზემოდან შეზღუდვებს, მაგრამ ასევე დახმარებასაც, თუ რამეა, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გავაკეთეთ, მხოლოდ ჩვენს მხრებზე იქნება. მეხუთე პლანეტა რუკაზე ყველაზე არაპროგნოზირებადად ითვლება, ვინაიდან აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს, რომლის განხორციელებასაც სულ ცოტას ვუბიძგებთ.

მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს ერთი რამ ამ პლანეტის შესახებ, რომ ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება ასევე შეიძლება იქცეს ძლიერ ცდუნებად, რომელიც უფსკრულისკენ გვიბიძგებს. არსებობს მე-5 პლანეტის ფუნქციებსა და სფეროებში ბევრი შეცდომის დაშვების რისკი, თან ყოველგვარი აკრძალვის, შეზღუდვისა და დაბრკოლების გარეშე. თავდაპირველად, მხოლოდ იმის დანახვით, თუ რომელ პლანეტას უჭირავს კიბის მე-5 საფეხური, ძნელი სათქმელია, როგორ გამოიყენებს ადამიანი მის ენერგიას, არასწორი გზით წავა, დაემორჩილება დაუსჯელობის ცდუნებას, თუ გამოავლენს პასუხისმგებლობას და გონიერებას და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის იძლევა. მოკლედ რომ ვთქვათ, რასაც ვირჩევთ, იმას ვღებულობთ.

თუ მე-5 საფეხურზე არის:

მზე. ადამიანს დაბადებიდანვე მიეცა მრავალი უნარი, ნიჭი, ასევე მათი გამოვლენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა. ასეთ ადამიანებს ძალიან იზიდავს ბავშვებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რადგან ისინი მას ენერგიით ავსებენ, მათთან ერთად ის თავს ყოველთვის კარგად და კომფორტულად იგრძნობს. მათ არ აქვთ შეზღუდვები საკუთარი შვილების ყოლის კუთხითაც. ვინაიდან ადამიანი შეზღუდული არ არის შესაძლებლობებში და ნიჭში, არსებობს რისკი, რომ ყველაფერს ერთდროულად მოეკიდოს. უარეს შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ საკუთარ შესაძლებლობებს/ნიჭს საკუთარი თავის ან სხვების საზიანოდ გამოიყენებს. ასეთი ადამიანების სუსტი წერტილია “ვარსკვლავური“ დაავადება, სიამაყე, ამპარტავნება, საკუთარი თავის განდიდება, ეგოცენტრიზმი.

მთვარე. ასეთ ადამიანს წარმოუდგენლად ღრმა შინაგანი სამყარო აქვს. მას ეძლევა მჭიდრო, სანდო, სულიერი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა თითქმის ყველასთან, ვისთანაც სურს. როგორც წესი, ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ დედასთან ან ოჯახის სხვა ქალ წევრებთან. ფსიქიკის სიღრმეები (საკუთარი ან სხვისი), მათ შორის ქვეცნობიერის ყველაზე ფარული საიდუმლოებები, ადვილად მისაწვდომი იქნება მისი გონებისთვის, გაგებისთვის, ამიტომ მათგან შესანიშნავი ფსიქოლოგები გამოდიან. არ არსებობს შეზღუდვები კერძო საკუთრებაშიც. ასეთ ადამიანს აუცილებლად ექნება საკუთარი სახლი, თუ მას ეს მოუნდება.მას არ ახასიათებს ემოციური ბლოკები და თუ ასეთი რამ გამოუვლინდა, მარტივად აღმოფხვრის, მათზე მუშაობით. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ყოველთვის კომფორტულია, სასიამოვნოა, რადგან მან იცის როგორ გააზიაროს თავისი სულის სითბო, იცის მოსმენა, თანაგრძნობა. საფრთხე ელის ემოციურ სფეროში: ისტერია, განწყობის ხშირი ცვალებადობა, კაპრიზულობა, არასტაბილურობა.

მერკური. ეს პლანეტა ჩუქნის აზრების თავისუფალ გამოხატვას, ადამიანს შეიძლება ჰყავდეს უამრავი ნაცნობი, ჰქონდეს ბევრი კომუნიკაცია, მისთვის საჭირო ინფორმაციას ყოველთვის მიიღებს ამა თუ იმ გზით. ასეთი ადამიანი ადვილად ამყარებს კავშირებს. ასეთი ადამიანი მიდრეკილია გადაჭარბებული რაციონალიზაციისაკენ, ზოგჯერ ინტელექტს წინა პლანზე აყენებს. ასეთ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ “მის ენას ძვალი არ აქვსო”, ამიტომ არის საშიშროება, გახდეს ჭორების და არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ენა შეიძლება გახდეს მეგობარი ან მტერი.

ვენერა. ეს პლანეტა ჩუქნის დიდ შესაძლებლობებს როგორც სიყვარულისა და ურთიერთობების, ასევე ფულის და მატერიალური სიმდიდრის სფეროში. ადამიანი შეიძლება გახდეს ძალიან მოსიყვარულე ან ფინანსური კეთილდღეობაზე იყოს ფოკუსირებული. ასეთი ადამიანის შესაძლებლობაა – სილამაზის, ჰარმონიის, სიყვარულის (უფრო მაღალი დონის) სამყაროში ტრანსლირების უნარი. ასეთი ადამიანი არ იქნება შეზღუდული ფულის მიღების/შოვნის შესაძლებლობებში, მან იცის როგორ მოექცეს ფულის ენერგიას, ფინანსურ ნაკადებს. მისი ცდუნებაა სექსუალური თავისუფლება, დონჟუანობა, პარტნიორების დიდი რაოდენობა, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან, მათი მიმზიდველობის ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენების ტენდენცია, მატერიალური სიმდიდრის გადაჭარბებული დაფასება.

მარსი. ესენი არიან ძალიან ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანები, მტკიცე ხასიათით. თავად არიან საკუთარი ცხოვრების რეჟისორები. არიან აქტიურები, ამბიციურები, ინიციატივიანები. არიან ძალიან კონკურენტუნარიანი ტიპის ადამიანები, რომლებსაც უყვართ დრაივი, მეტოქეობა, ბრძოლა. ზოგჯერ ისინი მუხრუჭების გარეშე მანქანას მოგვაგონებენ, რადგან თავიანთ გეგმებს ელვის სისწრაფით ახორციელებენ. მათ აქვთ გადატვირთვის, გადაღლილობის მაღალი რისკი, გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, ბევრს იღებენ საკუთარ თავზე. მათი ცდუნება არის თვითნებობა, გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ საკუთარ ეგოიზმზე დაყრდნობით, სხვისი აზრისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

იუპიტერი. ეს იდეალური ვარიანტია მე-5 საფეხურისთვის. პლანეტა-კეთილმოსურნე, დიდი ბედნიერების პლანეტა უბრალოდ აფრქვევს მის მფლობელზე შანსებს, შესაძლებლობებს, პერსპექტივებს, იღბალს. ასეთ ადამიანებს ყოველთვის აქვთ საშუალება გამოავლინონ მთელი თავიანთი შესაძლებლობები/ნიჭი, გახდნენ ავტორიტეტული და პატივცემული ადამიანები საზოგადოებაში და წარმატებით თვითრეალიზდნენ. ისინი ძალიან ადვილად ეწყობიან სოციუმს, პოულობენ თავიანთ ადგილს ცხოვრებაში. არ უჭირთ მათთვის სასურველი სოციალური დონის მიღწევა. მათ ეძლევათ ხშირი მოგზაურობის ან საზღვარგარეთ ცხოვრების შანსი. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, თუ მოინდომებენ, ადვილად ეუფლებიან ერთზე მეტ სპეციალობას. ცოდნის ათვისება მათთვის ადვილია. ასეთი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, არ გამოიყენოს თავისი პოზიცია, ძალაუფლება ეგოისტური მიზნებისთვის. მე-5 საფეხურზე იუპიტერის გამოვლენის ყველაზე საშიში ვარიანტი არის ის, რომ როდესაც რაღაც მარტივად მოდის, ასევე მარტივად იკარგება.

სატურნი. ასეთ ადამიანებს პროფესიის არჩევისას თავისუფლება ეძლევათ, მათთვის კარიერის აწყობა საკმაოდ მარტივია. მათ შეუძლიათ გახდნენ საუკეთესონი თავიანთ სპეციალობაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დედის რძესთან ერთად შეითვისეს ისეთი თვისებები, როგორიცაა თვითდისციპლინა, თვითორგანიზება, საკუთარი დროის მართვა. ისინი ძალიან პუნქტუალურები არიან, ამიტომ ყოველთვის აქვთ დრო ყველაფრისთვის.

ისინი შესანიშნავი ანალიტიკოსები და სტრატეგები არიან. ადვილად ერთვებიან ცხოვრების ერთი რიტმიდან მეორეზე, ადვილად იყენებენ ახალ სისტემებს და ნერგავენ თავიანთ ცხოვრებაში. საინტერესოა, რომ ასეთ ადამიანს შეუძლია გაიხსნას და მიიღოს სამყაროს სიკეთეები უფრო მოწიფულ ასაკში. ასეთმა ადამიანმა არასოდეს უნდა დაივიწყოს მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ბევრი მიზანი აქვთ, ამიტომ არსებობს რისკი, რომ მათში დაიკარგონ და ვერც ერთს ვერ მიაღწიონ. მათი ცდუნება არის კარიერიზმი, სურვილი, გახდნენ მნიშვნელოვანი, პატივსაცემი ადამიანები, ისინი მიდრეკილნი არიან დათრგუნვისა და იძულებისკენ.