
ქალებს ექსპერიმენტები უყვართ, განსაკუთრებით თმის ფერით. ასეთ ექსპერიმენტებს როგორც სიხარულის მოტანა, ასევე განწყობის გაფუჭება შეუძლია. ზოგჯერ ახალი ფერი ჰარმონიულად არ გამოიყურება და მთელ იმიჯს აფუჭებს. ასეთი შეცდომები თავიდან რომ აიცილოთ, სწორი ფერი სალონში წასვლამდე უნდა შეარჩიოთ. დღეს ამაში დაგეხმარებით!
როგორ შევარჩიოთ თმის ფერი
ყველა მიჩვეულია, რომ თმის ფერი კანის ტონის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მთავარი, რაზეც აქცენტი უნდა გააკეთოთ, თვალის ფერია. მთავარი წესი – სწორად შეხამება! ცივი ფერები ცივთან, ხოლო თბილი თბილთან. მოდით, დეტალურად გავარკვიოთ, რომელი ფერი უხდება ყავისფერთვალებიან და რომელი ცისფერთვალებიან გოგოებს.
პირველ რიგში, რჩევები ცისფერთვალებიანი ლამაზმანებისთვის. მათთვის ჩვეული ფერია თბილი ქერა, ხორბლისფერი შეფერილობები. და ეს ფერი ცისფერ თვალებს უდაოდ უხდება.
თამამი, მაგრამ ძალიან შესაფერისი გადაწყვეტილება იქნება ყინულოვანი ქერა. შავი ფერის და ცისფერი თვალების კომბინაცია, ასევე სხვა მუქი შეფერილობები, უბრალოდ შეუდარებელი იქნება. ცისფერთვალებიანს კატეგორიულად არ უხდებათ წითური ფერი, ის არაბუნებრივად გამოიყურება და სჯობს მასზე უარი თქვათ.
თუ ნაცრისფერი თვალები გაქვთ, თქვენთვის თმის ფერის შერჩევა ერთი მარტივი მიზეზით მარტივია – თქვენ პრაქტიკულად ყველაფერი გიხდებათ. ღია ფერის თვალებისთვის თმის ფერის შერჩევა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ აქაც არსებობს წესები და გამონაკლისი. ნაცრისფერთვალებიანმა გოგოებმა სჯობს უარი თქვან პლატინის, ცეცხლოვან წითურსა და მოლურჯო–შავ ფერებზე.
თუ გსურთ ქერად შეიღებოთ, უპირატესობა ხორბლისფერს მიანიჭეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ისეთ ფერებს, როგორიცაა „შოკოლადი“, „ყავა“, „კონიაკი“ და „კაკალი“. ეს ფერები თქვენი თვალის ფერს კარგად უხდება.
ახლა ყავისფერთვალებიან გოგოებზე ვისაუბროთ. პირველი და ყველაზე მთავარი წესი – შეფერილობა, რომელიც თქვენი თვალის ფერს ზუსტად ემთხვევა, კატეგორიულად აკრძალულია! სჯობს სხვა ფერი შეარჩიოთ!
თვალები რომ გამოკვეთოთ, შეგიძლიათ არჩევანი მოლურჯ–შავზე გააკეთოთ. კარდინალური ცვლილებებისთვის გამოგადგებათ კაპუჩინოს, ლატეს ან ხისფერი. თუ თაფლისფერი თვალები გაქვთ, წითურ თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება თქვენთვისაა. წითელი, თაფლისფერი და ცეცხლოვანი წითელი თქვენი ფერებია, მაგრამ ცივი შეფერილობები თქვენთვის არაა, სჯობს მათ მოერიდოთ.
მოდით მწვანე თვალების იდუმალ მფლობელებზე გადავიდეთ. ამ ქალებს ძალიან გაუმართლათ, მათ წითელის ყველა შეფერილობა უხდებათ – ღია სპილენძისფერიდან ცეცხლოვან წითელამდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ წითელი ფერი გიხდებათ, შეგიძლიათ ღია ან მუქი ფერებიც შეარჩიოთ.
მწვანე თვალებს შესანიშნავად გამოკვეთს ფერფლისფერი ქერა, ის სინაზეს და ქალურობას შეგმატებთ. მუქი ფერებიდან უპირატესობა ცივ შოკოლადს ან თბილ კარამელს მიანიჭეთ.
რედაქციის რჩევა
თუ იმიჯის კარდინალური შეცვლა გადაწყვიტეთ, არა მხოლოდ ფერი, არამედ გარდერობი და მასთან ერთად კოსმეტიკა უნდა შეცვალოთ. ახლა თქვენი მაკიაჟი და ტანსაცმელი თქვენი თმის ახალ ფერთან შეხამებული უნდა იყოს.
სახე ფერმკრთალი რომ არ გამოჩნდეს, კოსმეტიკა სწორად უნდა შეარჩიოთ და აქცენტები სწორად დასვათ. მაგალითად, „ცივი ქერას“ შეფერილობას მოუხდება ნარინჯისფერი (ცისფერი თვალებისთვის) და ღია ვარდისფერი (ყავისფერი თვალებისთვის) ტანსაცმელი და ტუჩსაცხი. თბილი, მუქი ფერის თმის შერჩევისას ღია ვარდისფერი ბლუზა ჩაიცვით, ვერცხლისფერი ჩრდილები და თეთრი ოქროს სამკაულები დაუმატეთ. ცვლილებების და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ!