
ობობების დიდი ნაწილი ღია ცისქვეშ, თავისუფლად ცხოვრობს, თუმცა, არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებსაც ადამიანის გვერდით მოსწონს ცხოვრება. ყველაზე ხშირად, ბინებსა და სახლებში სახლდებიან აბლაბუდიანი ობობები, აგრეთვე, სახლის შავი და რუხი ობობები (ისინი ცდილობენ დახვეწილი, სტრუქტურული ქსელების გაბმას).

ვისაც ცრურწმენების სჯერა, არასდროს აგდებს ობობებს სახლიდან. სახლში ობობა კეთილდღეობისა და მომავალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ობობა დაგესიზმრათ, ესე იგი, მალე ფინანსური წინსვლა გელით. აგრეთვე, იმასაც ამბობენ, რომ ობობები ნეგატიური ენერგეტიკის ადგილებში იყრიან თავს და სახლის მფლობელს ჯადოსგან იცავს.

როგორ მოვიშოროთ ობობები
ობობა, რომელიც ჩვენს სახლში ცხოვრობს, ადამიანისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას არ წამოადგენს და ცდილობს, მასთან კონტაქტს მოერიდოს. პირიქით: გვეხმარება ჩრჩილთან, ბუზებთან და მსგავს მომაბეზრებელ მწერებთან ბრძოლაში. თუმცა, ოთახის კუთხეებში აბლაბუდები, რა ლამაზადაც არ უნდა იყოს ისინი მოქსოვილი, და ფეხსახსრიანთა პოპულაციის გამრავლების პერსპექტივა არამგონია ვინმეს ხიბლავდეს.
თუ სახლში ბევრი ობობა გაჩნდა, ესე იგი, მათ იპოვეს საკვების მუდმივი წყარო. ამიტომ, თუ ობობების მოშორების საჭიროება გაჩნდა, პირველ რიგში, გაარკვიეთ ის, თუ კიდევ რომელი მწერები ბინადრობენ თქვენს სახლში და მოსპეთ ისინი.

ობობებს სახლიდან წასვლა რომ აიძულოთ, უბრალოდ აბლაბუდას ჩამოხსნა საკმარისი არაა. ეს მშრომელი მწერი ძალიან შეუპოვარიცაა და უპრობლემოდ დაწნავს ახალ მაქმანებს. თუმცა, არც ქიმიკატების გამოყენებაა საჭირო. ჩვენმა რედაქციამ იცის რამდენიმე ეფექტური საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ მწერების სახლიდან გაყრაში.
1. პიტნის ეთერზეთები
ესაა ყველაზე პოპულარული საშუალება ობობებთან ბრძოლაში. მწერები მის სუნს ვერ იტანენ! ნატურალური რეპელენტის მოსამზადებლად, 100 მლ წყალს დაუმატეთ 2-5 მლ ეთერზეთი, გადაასხით ეს მასა შხეფიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. მომდევნო დალაგების დროს, შხეფებით დაამუშავეთ ფანჯრისა და კარის ყველა ღრიჭო, კუთხეები და ნაპრალები. პროცედურა 2-3 დღეში გაიმეორეთ.
აი, ნახავთ, რა სწრაფად დაიწყებენ ობობები ახალი საცხოვრებლისა და საკვების ძებნას, თქვენი სახლი კი დიდებული არომატით აივსება.

2. ძმარი
უნივერსალური დამხმარეა სისუფთავის დასამყარებლად და მწერებთან საბრძოლველად. გარდა იმისა, რომ მას სადეზინფექციო თვისებები აქვს და უსიამოვნო სუნს ებრძვის, იგი არ უყვარს ობობასაც. ჩაასხით ძმარი პატარა ლამბაქებზე და დადგით ოთახის კუთხეებში, შეიძლება კარადაში შედგმაც.

3. წაბლი
დიახ, წაბლის სუნი ობობას აშინებს. დააქუცმაცეთ რამდენიმე წაბლი და დაალაგეთ იმ ადგილებში, სადაც ობობების გაჩენის ყველაზე დიდი ალბათობაა.

4. ბორის მჟავა
ძალიან იაფი ფხვნილია, რომელიც უბრალოდ წყალში უნდა გააზავოთ. ჩვეულებრივ, მას წარმატებით იყენებენ ტარაკნების დასაფრთხობად, თუმცა, არც ობობებს მოსწონთ მისი გემო. დადგით ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილებში ხსნარით სავსე ლამბაქი.

5. ციტრუსი
ლიმონის ან ფორთოხლის სასიამოვნო არომატი ობობებისთვის ნაკლებად მიმზიდველი სუნია. დაალაგეთ ციტრუსის კანის ნაჭრები მთელ სახლში და ობობებს იქ ერთი წუთითაც აღარ მოუნდებათ გაჩერება.

6. ბერძნული კაკალი
თბილი, მყუდრო სახლიდან, რომელშიც ბევრი საკვებია, ბერძნული კაკლის სურნელი ყველაზე მომაბეზრებელ ობობასაც კი გააგდებს. დააქუცმაცეთ რამდენიმე ბერძნული კაკალი და დაალაგეთ იქ, სადაც, თქვენი აზრით, ობობამ შეიძლება დაიდოს ბუდე.

სანამ ბინიდან ობობებს სამუდამოდ მოიშორებდეთ, დაალაგეთ სახლი საგულდაგულოდ. გადაწმინდეთ ნოტიო ჩვრით ყველა კუთხე: დივნისა და კარადის უკან, სახლის ყველა რთულადმისაწვდომ ადგილას. გარდა ამისა, მკვეთრი შუქი, რომელიც მწერებს იზიდავს, იტყუებს მონადირე ობობებსაც. ამიტომ, ყოველ საღამოს დახურეთ ჟალუზები და ფარდები. წებოვანი მახეები არაფერს გარგებთ, ჩაანაცვლეთ ისინი ულტრაბგერითი საფრთხობელებით. რეგულარულად დაალაგეთ სახლი სველი წესით, რათა დაუპატიჟებელი სტუმრების ხელმეორედ გაჩენა აიცილოთ თავიდან.