
წვნიანი და მწიფე პომელოს სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. თუ 5 წლის წინ “იგივე გრეიფრუტი, ოღონდ უფრო ტკბილი” მოყვარულთათვის ეკზოტიკად ითვლებოდა, დღეს იგი თითქმის ისეთივე პოპულარულია, როგორც ფორთოხალი. ახლა სწორედ ის დროა, ვისაუბროთ წარმოშობით აზიური პროდუქტისა და მისი სარგებლის (თუ მავნებლობის) შესახებ.
პომელოს შესაძენად საუკეთესო დროა ნოემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდი. ანუ, სწორედ ახლა! მკვახე ხილის არჩევა ამ პერიოდში რთულიც კია – ოდნავ მწვანე ან მოყვითალო, მყარი და მძიმე ნაყოფი თითქმის ყოველთვის წვნიანი აღმოჩნდება ხოლმე. ყურადღებით დააკვირდით კანს: “ცარიალი” ნაყოფი, რომელიც ფერმკრთალი და რბილია, დიდი ალბათობით, გადამწიფებულია. სასიამოვნო ისაა, რომ პომელო მომთმენი, დღეგრძელი ხილია, რომელიც მაცივარში თითქმის კვირანახევრის განმავლობაში ინახება.
ერთადერთი არსებითი საკითხი – ვინ გაფცქვნის პომელოს – დღემდე ღია რჩება. რამდენადაც ხილის “გახსნის” პროცესი “დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობას” ჰგავს, საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო რბილობამდე მისაღწევად. თუმცა, დამიჯერეთ, თქვენი ძალისხმევის თითოეული წამი ამად ღირს.
უმჯობესია, პომელო დღის 16:00 საათამდე მიირთვათ, ასე ნებისმიერი ციტრუსი უკეთ აითვისება. რბილობი შეგიძლიათ დაუმატოთ სალათს ან მისგან წვენი დაწუროთ და შეურიოთ, მაგალითად, ფორთოხლისას (ასეთი კონცენტრირებული სასმელი აზიაში დამატებით სოუსად, წვნიანებში გამოიყენება). რა მოსდის სხეულს, როცა პომელოს მიირთმევთ?
1. გახდომა გამარტივდება
გარეგნულად შთამბეჭდავი ციტრუსი დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ერთი პომელო დაახლოებით 10 გ საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რაც ქალებისთვის დღიური ნორმის 40%-ს შეადგენს.
2. ნელდება დაბერების პროცესი და დაავადების რისკი მცირდება
ერთი პომელო C ვიტამინის (მძლავრი ბუნებრივი წყალხნადი ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისადმი იმუნიტეტის გამომუშავებაში და ანადგურებს ორგანიზმში კიბოს თავისუფალ რადიკალებს.) დღიური ნორმის 371%-ს შეიცავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ქალბატონებისთვის – პომელო ზრდის ინტიმურ ზონაში მჟავიანობის დონეს, რაც ამცირებს ბაქტერიების განვითარებისა და გამრავლების რისკს. ამ რაოდენობით C ვიტამინი არამხოლოდ აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას, არამედ ხელს უწყობს კოლაგენურ კავშირებსაც, განსაკუთრებით, თმისა და კანის ცილებს. გარდა ამისა, ეს ხილი სპილენძისა და რკინის საბადოა, რომლებიც აუცილებელია სისხლის ახალი უჯრედების ჩამოყალიბებისთვის.
3. უკეთ დაიძინებთ
ხილის შემადგენლობაში კიდევ ერთი ელემენტია მაგნიუმი – მინერალი, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის გაუმჯობესებასთან.
4. კანის მდგომარეობა უმჯობესდება
მართალია, არა C ვიტამინის ოდენობით, თუმცა პომელო შეიცავს A ვიტამინსაც, რომლის დოზა საკმარისია დერმის გასასქელებლად და კანის ზედაპირისკენ სისხლის ნაკადის გასაძლიერებლად, რაც ამცირებს ნაოჭების წარმოქმნის სიჩქარესაც. გარდა ამისა, იგი თითქოს “არემონტებს” ეპიდერმისის სტრუქტურას იმისათვის, რომ დაარეგულიროს ულტრაიისფერი სხივების შეღწევა და შეასრულოს ერთგვარი ბუნებრივი ეკრანის როლი მზის მავნე გამოსხივებისგან დასაცავად. შესაბამისად, იგი ამცირებს პიგმენტაციას და არეგულირებს სებუმის გამოყოფას, რაც ხელს უშლის აკნეს გაჩენასაც. მეცნიერთა სხვა საინტერესო დაკვირვება უკავშირდება თავის კანს – პომელოს სითხის დიდი ნაწილი თავის კანს უნარჩუნებს ტენიანობას, C ვიტამინთან ერთად კი უშლის ხელს ქერტლის გაჩენასა და ფოლიკულების დაზიანებას, შედეგად – თმის ცვენასაც.
პომელოს მირთმევა არ შეიძლება წამლების კურსის დროს
შეუდარებელ ხილს ერთი უარყოფითი თვისება აქვს. 2012 წელს, კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა დიდი კვლევის შედეგები, გრეიფრუტის ჩვეულებრივ წამლებთან ერთად მირთმევის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ნივთიერება ფურანოკუმარინი, რომელიც ნაწლავებში წამლის დაშლას უწყობს ხელს, გამოიწვევს ტოქსიკური დოზის ათვისებას. 2008-2012 წლებში, გრეიფრუტთან ერთად ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედი წამლების რაოდენობა 17-დან 43-მდე გაიზარდა. თუმცა, რამდენადაც მსგავს კვლევებში პომელოს არ მიუთია მონაწილეობა, საუბარი კი უბრალოდ მის ახლო ნათესავზე იყო, მაინც გირჩევდით სიფრთხილის გამოჩენას. და, ალბათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჯანსაღი საკვები ადამიანების დიდ ნაწილს ვნებს.