40 წლის არავის არ ვჭირდები. რა იქნება შემდეგ – სიბერე მარტოობაში?

0
395

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია, რომლის მთავარმა გმირმა მთელი ახალგაზრდობა სწავლასა და კარიერას დაუთმო და ოჯახის შექმნა მეორე პლანზე გადადო. ახლა, იგი ამას ნანობს და აინტერესებს სხვაც თუ არის მის მდგომარეობაში?

მომავალ წელს 40 წლის ვხდები. ყველა მცდელობა, შემექმნა ოჯახი ან თუნდაც უბრალოდ მქონოდა მეტ-ნაკლებად სტაბილური პირადი ცხოვრება, რათა მეგრძნო, რომ ვინმეს ვჭირდებოდი, უშედეგოდ დამთავრდა. ვგრძნობ, რომ მეტი რესურსი და ენთუზიაზმი აღარ დამრჩა ვინმეს მოსაძებნად, ფლირტისთვის და ყველაფრის თავიდან დასაწყებად. მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ვირტუალური ურთიერთობაც კი (გაცნობის საიტზე) ჩაიშალა. და ეს კი უკვე უკიდურესი ზომა იყო. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ ოჯახს 40 წლამდე არ შევქმნიდი, მაშინ შემდეგ უბრალოდ სიცარიელე იქნებოდა და ამაზე ფიქრიც კი შიშს მგვრიდა. როგორც ჩანს, ყველაზე საშინელი სცენარი რეალიზდება. ან, ეს არის სწორედ ის კრიზისი, რომელიც უბრალოდ უნდა გადაიტანო? მაგრამ, ახლა ეს მდგომარეობა აგონიის მსგავსია, როცა სრული უიმედობაა. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი ვირტუალური “რომანის” მტკივნეული დასასრულის გამოა, რომელიც რეალურ სამყაროში ვერც კი გადმოვიდა. მესმის, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი შორიდან, მაგრამ ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომლამდეც მე მივედი.

რატომ ამეწყო ასე ცხოვრება? 20 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვსწავლობდი. 23 წლის ასაკში გათხოვებას ვაპირებდი ადამიანზე, რომელზე მეტადაც არავინ მყვარებია. როგორ უნდა მოვქცეულიყავი მამაკაცებთან არავის უსწავლებია, არ უკარნახია. უგონოდ შეყვარებული ვიყავი, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. ის კი უკანასკნელი გარეწარი აღმოჩნდა. იგი წარსულში უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში და ჰყავდა შვილი. რამდენი ტკივილი გადავიტანე მასთან: მტანჯავდა, მაწვალებდა, ცრემლებამდე მივყავდი. ყველაფერს ვითმენდი მის გამო, მაგრამ ის მშიშარა აღმოჩნდა და გაიქცა.

თაყვანისმცემლები ამ პერიოდში ბევრი მყავდა, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი. როგორც ჩანს, ამ ურთიერთობებმა ფატალური როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ამ წარუმატებელმა სიყვარულმა მთელი ჩემი შემდგომი პირადი ცხოვრება შეცვალა.როგორც ჩანს, თავად რიცხვი 40 მაშინებს ძალიან, როგორც ერთგვარი ზღვარი და ვხედავ, რომ უკვე ვბერდები. მე მესმის, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო სასაცილოა სიყვარულის მოლოდინი. ვიღაცას 40 წლის მერეც უმართლებს, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ახლა მიჭირს დაჯერება, რომ მათ შორის მეც ვიქნები.

ვიღაც მეტყვის, რომ არ უნდა ვიყო ასეთი პრეტენზიული და რაღაცეები უნდა დავთმო? ეს კი რას ნიშნავს? გავთხოვდე ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ინტერესს გამოიჩენს? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცრემლების გარეშე ვერ შევხედავ ამ ადამიანს? არანაირი დიდი პრეტენზიები არ მაქვს: დიდი ხნის წინ დავივიწყე, როგორც შემეძლო. ბოლო კრიტერიუმი, რომელსაც ვერანაირად ვერ დავწევ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვერ შევიყვარებ – გონებაა. რჩება მხოლოდ მონათესავე სულის პოვნის სურვილი, რომელთანაც კარგად ვიგრძნობ თავს. ამ სიახლოვის გარეშე, უბრალოდ გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს წყვილმა. ესეც მარტოობაა, მხოლოდ ერთად. საერთოდ, აქვს თუ არა აზრი ასეთ ურთიერთობას?

25 წლის ასაკში რომ მცოდნოდა, რომ ასე მოხდებოდა, სხვაგვარად გადავანაწილებდი საკუთარ პრიორიტეტებს. ახალგაზრდობაში ვფიქრობდი მხოლოდ სწავლასა და მუშაობაზე. მეგონა, რომ ოჯახი თავისთავად შეიქმნებოდა, როცა ამის დრო დადგებოდა. შემხვდება ადამიანი და დავქორწინდებით. მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და 40 წლის ასაკში მივხვდი, რომ არასწორად ვფიქრობდი და ვიქცეოდი. უპირველეს ყოვლისა, უნდა მეფიქრა პირად ცხოვრებაზე, შემდეგ კი – სწავლასა და სამსახურზე.

საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, სამსახურიდან წამოვსულიყავი და პირადი ცხოვრება ამეწყო. იმიტომ, რომ მაინც არაფერი მახარებდა, სიყვარულის გარეშე. რობოტივით ვცხოვრობდი, მარტო. სამსახური მომბეზრდა: პერსპექტივა არ ჰქონდა, თუმცა ძალიან კარგად მიხდიდნენ, რაც მაკავებდა მანამდე, სანამ უფროსებს არ შეცვლიდნენ და წესებს არ გაამკაცრებდნენ. ასე რომ, ყველაფერი თავისთავად გამოვიდა.კარგი, მღელვარე ახალგაზრდობა რომ მქონოდა, ასე დამწუხრებული არ ვიქნებოდი. მაგრამ, გასახსენებელიც არაფერი მაქვს. ყოველთვის, რაღაცნაირი ძალიან წესიერი ვიყავი, ხელიდან ძალიან ბევრი შესაძლებლობა გავუშვი. მეჩვენებოდა, რომ ჩემი დროც აუცილებლად დადგებოდა.

ახლა რჩება მხოლოდ სინანული, რომ ვერ შევქმენი საკუთარი ოჯახი და რატომღაც, სწორედ ეს მეჩვენება ყველაზე მნიშვნელოვნად ჩემს ცხოვრებაში. კარიერა და სიმდიდრე კი ახლა მხოლოდ მტვერია ჩემს თვალში!