
ფსიქოლოგმა პავლე ზიგმანტმა გადაწყვიტა, დაემსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ძლიერი მამაკაცი და სუსტი ქალი იდეალური წყვილია. ქალების დიდი ნაწილი დნება, როცა მამაკაცი ამბობს, რომ, თურმე, ქალი სუსტი და დაუცველი უნდა იყოს, მამაკაცმა კი მასზე უნდა იზრუნოს და მამაკაცური თვისებები გამოავლინოს. ასეთი დასკვნები ქალს ართმევს ნებისყოფასა და გამჭრიახობას. თქვენ წინაშეა მკაფიო სატყუარა. აი, როგორც მანათობელი ნაწილი ღრმა წყლის თევზებზე, რომელიც მსხვერპლს იტყუებს. იტყუებს შესაჭმელად.
რაში სჭირდება მამაკაცს სუსტი ქალი?
აი, ცხოვრებისეული სიმართლე: ზემოხსენებული მამაკაცები სუსტ ქალებს არ ეძებენ. ისინი ეძებენ მორჩილებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი მამაკაცები, რიგი მიზეზების გამო, ან თავად უნდა დაექვემდებარონ, ან სხვა უნდა დაიქვემდებარონ. “მოლაპარაკების” ვარიანტს, რატომღაც, ისინი არ განიხილავენ. რა თქმა უნდა, მათ დაქვემდებარება არ სურთ, ამიტომ მეორე ვერსიას ირჩევენ. ამ ყველაფერს ახვევენ ქალური სისუსტის ლამაზი ეპითეტების გარსში (ყოველთვის გააზრებულად არა). დაქვემდებარებული ქალი წინააღმდეგობას არ გაუწევს კაცს, იგი დამყოლია და აკეთებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ, მისი დამორჩილება მარტივია. თუ მოლაპარაკების უნარი არ გაქვთ, თუმცა, არც დაქვემდებარება გსურთ, ეს ერთადერთი შესაფერისი ვარიანტია. ამიტომ, გულწრფელი იყავით: სუსტ ქალებს ძლიერი მამაკაცები კი არა, ძალაუფლების მოყვარული კაცები ეძებენ. ეს უზარმაზარი განსხვავებაა: ძლიერი აუცილებლად ძალაუფლების მოყვარულს არ ნიშნავს და პირიქით. თუმცა, ძალაუფლების მოყვარული მორჩილებასაც ითხოვს.
ზრუნვა? არა, არ ვიცი, რა არის
დიახ, ასეთი მამაკაცები ამბობენ, რომ იზრუნებენ, თუმცა, სიტყვები და რეალობა, განხილულ შემთხვევებში, ერთმანეთს არ ემთხვევა. თანაც, განსხვავება ძალიან დიდია. ამ შემთხვევაში, ქალზე არავინ ზრუნავს, მასზე მხოლოდ მეურვეობას იღებენ. მოკლედ: ზრუნვა – ესაა ყურადღება ადამიანის საჭიროებისა და მოთხოვნილებისადმი. მეურვეობა კი შრომისუუნარო ადამიანის უზრუნველყოფაა საარსებო მინიმუმით. ქალი ხომ სუსტია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კაცი მის ნაცვლად გადაწყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ქალი. იგი გადაწყვეტს, რა ჩაიცვას ცოლმა, ის ხომ სუსტია და მისი ზრუნვა სჭირდება. თუ მისცემთ მამაკაცს თქვენი მოტყუების უფლებას! ეს ზრუნვა კი არა, მეურვეობაა. ამავდროულად, ქალს მიამიტურად სჯერა, რომ ზრუნვა სხვანაირადაც გამოვლინდება. კერძოდ: მამაკაცი გააკეთებს იმას, რაც ქალს სიამოვნებს. არა! მამაკაცი გააკეთებს იმას, რაც მას სწორად მიაჩნია. და, თუ მას სწორად მიაჩნია, რომ დაქალებს არ უნდა შეხვდეთ, ამას აგიკრძალავთ. ამას კი ზრუნვას დაარქვამს. თუმცა, ეს მეურვეობა იქნება, თანაც ძალიან სულელური.
ჭირვეულის მორჯულება
არც ერთ ადამიანს არ შეუძლია დიდი ხნით მორჩილება – ასეთია ჩვენი ბუნება, სასიცოცხლოდ გვესაჭიროება არჩევნის თავისუფლება (თუნდაც გარკვეულ ფარგლებში). თუ ეს თავისუფლება არ გვაქვს, ამბოხებას ვიწყებთ. სწორედ ასე არ ემორჩილებიან ჩვენ მიერ განხილული ქალბატონები (ხანდახან). მაგალითად, დაქალებს მაინც ხვდებიან, ან უარს ამბობენ სექსზე, რადგან არ უნდათ. ან რამე სხვა… როგორ შეფასდება ეს? სწორია, ჭირვეულობად! შესაბამისად, “არა-სისუსტედ”. ისევ შესაბამისად, ქალის “ნორმისგან” გადახრა. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევებში? უნდა მოვარჯულოთ ჭირვეული.
მოდით, მცირე ემოციური გადახვევა გავაკეთოთ. არ ვიცით, ოდესმე გქონიათ თუ არა შეხება ქალთან, რომელსაც ჰყავდა მამაკაცი დევიზით “არ უნდა შემწინააღმდეგებოდი!”. ჩემს პრაქტიკაში მქონია მსგავსი შემთხვევები. რბილად რომ ვთქვა, ამ საქმეში სასიამოვნო არაფერია… ხედავდე ადამიანს, ნაცემს ახლობლისგან (თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ), მხოლოდ აზრის გამოთქმის გამო… სამწუხაროდ, აღწერილ მამაკაცებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათ აქვთ უფლება, “ასწავლონ ჭირვეულს”, და თავიანთ ქმედებებში ცუდს ვერაფერს ამჩნევენ. აი, მაგალითი: ქალმა უარი თქვა სექსზე, რის გამოც, მამაკაცმა მას “ჭკუა ასწავლა”. არ დაიყოლია, არ აღაგზნო, არ მოხიბლა, არ მოისყიდა. არა, ჭკუა ასწავლა. ჩაუმსხვრია ორი ნეკნი და [საყვარელ] ქალს ქალა-ტვინის ტრავმა მიაყენა. ამასთან, განაცხადა, რომ იგი ძალიან მზრუნველია და “ქალი უნდა იყოს სუსტი, რათა მე თავი კაცად ვიგრძნო.” როგორც ჩანს, იგრძნო.
ვინ გვჭირდება?
კარგი, თუ ძლიერი მამაკაცი თუ არა, სუსტი ვიპოვოთ? თავზე ავიღოთ მისი პრობლემები და მთელი ცხოვრება, დივანთან ერთად, ვათრიოთ? არა, რა თქმა უნდა. იპოვეთ მამაკაცი, რომელსაც, თუ ახლა არაფერი შეუძლია, ამბიცია მაინც აქვს უკეთესობისთვის. ამის შემჩნევა მარტივია, ასეთი მამაკაცი არ უგულებელგყოფთ, მაგალითად, ფილმის არჩევის დროს, კინოთეატრში. იგი არც თქვენი აზრის ქვეშ ექცევა. იგი მოლაპარაკებას ცდილობს.
იპოვეთ მამაკაცი, რომელიც აღიარებს თქვენს გარკვეულ ავტონომიურობას (რაღა თქმა უნდა, თქვენს უნდა აღიაროთ მამაკაცის ავტონომიურობა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვატ, იპოვეთ მამაკაცი, რომელიც არ მიგითითებთ, რა და როგორ უნდა აკეთოთ (არც თქვენ უნდა მიუთითებდეთ მას). იპოვეთ მამაკაცი, რომელიც ყურადღებით ეკიდება თქვენს მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, თქვენ ნაცვლად კი არ წყვეტს, რძეს დალევთ თუ ველოტრენაჟორზე ივარჯიშებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ან უბედურებას არ განაპირობებს, თუმცა, ამცირებს იმის შანსს, რომ მოექცევით ზეწოლის ქვეშ, იქნებით “მონა-მორჩხილი”. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
მოკლედ, ნუ დაუჯერებთ ცარიელ სიტყვებს. იცოდეთ, რომ სიტყვები “ძლიერი მამაკაცი სუსტ ქალს ეძებს”, რეალურად, ნიშნავს იმას, რომ “ძალაუფლების მოყვარული მამაკაცი მორჩილს ეძებს”. გახსოვდეთ, რომ მუდმივი მორჩილება შეუძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ დაუმორჩილებლობის გამო დაისჯებით. გესმოდეთ, რომ ეს სასჯელი ფიზიკურია ხოლმე. იპოვეთ არა ძალაუფლების მოყვარული, არამედ მარტივად შეგუებადი მამაკაცი.