კმარა! როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აგრესიით ხართ სავსე

0
870
Photo credit: Shutterstock

რამდენადაც ძალიან მჭიდრო სოციუმში ვცხოვრობთ და მუდმივად გვაქვს შეხება სხვა ადამიანებთან, სიახლოვის სხვადასხვა ხარისხითა და ინტენსივობით, პერიოდულად გვინდება ზოგიერთი მათგანის გულში ჩაკვრა, ხოლო დანარჩენების – კარგად ცემა და ვისკის გადაკვრა. ფსიქოპათი ჩვეულებრივი ადამიანისგან მხოლოდ ერთი რამით განსხვავდება: ის, რაზეც ნორმალური ადამიანები, ხანდახან, უბრალოდ ფიქრობენ, ფსიქოპათები მიდიან და უბრალოდ აკეთებენ. ამიტომ, თუ პერიოდულად გეფიქრებათ სხვა ადამიანისთვის რამის დაშავებაზე (არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად თუ სულიერად), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფსიქოპათი ხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ ჰოსპიტალიზება. თქვენ უბრალოდ აგრესიას განიცდით. მას ყველა ადამიანი განიცდის.

როცა ადამიანი აგრესიას განიცდის, ტესტოსტერონს გამოყოფს. ესაა მოქმედების ჰორმონი. მას არ შეუძლია წყნარად ჯდომა, მისი ვექტორი აუცილებლადაა მიმართული რომელიმე მიმართულებით. ამიტომ, აგრესიის დროს ყველაზე მავნეა თავის მშვიდ, სათნო ადამიანად მოკატუნება და იმის თქმა, რომ აგრესიას საერთოდ არ განიცდით, იღებთ მარაოს და იქროლებთ. როცა აგრესიას განიცდით, იცოდეთ, რომ უნდა იმოქმედოთ, თუ არ გინდათ, რომ ეს გრძნობა უფრო ღრმად წავიდეს და თქვენი ტვინისა და ჯანმრთელობის განადგურება დაიწყოს.

მაშ ასე, რამდენადაც ადამიანების ხოცვა კანონითაა აკრძალული, ფსიქოპათებს კი რჩევები საერთოდ არ სჭირდებათ, რა უნდა გააკეთოს ნორმალურ ადამიანმა, აგრესიის (არ აქვს მნიშვნელობა, სხვების თუ საკუთარი თავის მიმართ) დროს? არსებობს რამდენიმე ეფექტური ვარიანტი.

  • სექსი. ათნიშნულ შემთხვევაში, საუბარია ზრდასრულ, შემდგარ პიროვნებებს შორის ურთიერთშეთანხმებულ სექსზე. იმ შემთხვევაში, თუ ერთი “გასცემს” მხოლოდ იმიტომ, რომ მეორეს სურს, უკუეფექტამდე მიხვალთ – მიიღებთ მეტ აგრესიას. ზოგადად, სექსი სახუმარო საქმე არაა, იგი აუცილებელია, ამიტომ დაიხმარეთ ჭკვიანი წიგნები, მაგალითად, “ვენერა და მარსი საწოლში”. რა თქმა უნდა, საჭიროა ჭკვიანი პარტნიორიც.
  • სპორტი. აქტიური აგრესიის შემთხვევაში (ასტროლოგიურ რუკებზე, ასეთი ადამიანები ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს შორის მოიძებნება) კარგია სპორტის აქტიური, მოქმედი, ხშირად, მოპაექრე სახეობები. პასიური აგრესიის შემთხვევაში კი (მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნები) გამოდგება მშვიდი და მომადუნებელი სპორტი (აქ მოიაზრება იოგა და პილატესიც).
  • ხელოვნება. აგრესიას შესანიშნავად ახშობს მუზიცირება (აირჩიეთ დასარტყმელი ინსტრუმენტები), ხატვა (სპეციალური ტრენინგებიც არსებობს) ან თეატრალური თამაშები (ამ დროს შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც გაგიხარდებათ).
  • სიბრაზის გამოხატვა. ხშირად, ჩვენ ვჩქმალავთ სიბრაზეს, რამდენადაცსხვა ადამიანის წყენინების გვეშინია. თუმცა, კარგი ამბავი გვაქვს: ტვინისთვის სულ ერთია, ვის უყვირით. იპოვეთ ადგილი, სადაც ხმის ჩახლეჩვამდე შეძლებთ ყვირილს. ან აირჩიეთ ჭურჭელი, რომელიც დიდი ხანია აღარ მოგწონთ, და დაამსხვრიეთ. შეგიძლიათ, ბალიში ცემოთ ან დანით დაჩეხოთ (ცოტათი ფსიქოპათურია, მაგრამ ჭრის).
  • გინება. ნუ გადააბრუნებთ თვალებს. თავიდან, თავს მონაზვნად იკატუნებთ, შემდეგ კი მიხვდებით, როგორ გეწყებათ გასტრიტი.
  • კარგი კონსულტანტი. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თუ მწვრთნელი, რომელიც აგრესიის მდგომარეობებზე იქნება ორიენტირებული, დაგეხმარებათ თქვენს ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავებაში ისე, რომ არ ავნოთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს.

თქვენ როგორ უმკლავდებით დაგროვილ აგრესიას? გაგვიზიარეთ გამოცდილება!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ