საკონდიტრო ხრიკები: როგორ ავთქვიფოთ ნაღები ტორტისთვის სწორად

0
1079

ათქვეფილი ნაღების დესერტი ბევრს უყვარს, აი, ნაღების თქვეფა საჭირო კონსისტენციამდე კი ყველა დიასახლისს ნამდვილად არ მოსწონს. ამ სტატიაში, ჩვენ გაგაცნობთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაღების უგემრიელეს კრემამდე ათქვეფაში.

როგორ ავირჩიოთ ნაღები

კრემის მოსამზადებლად ნებისმიერი ნაღები არ გამოდგება. ახლა გაგარკვევთ, თუ რომელ ასპექტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის არჩევის დროს:

  • მწარმოებელი

ნაღების ხარისხი ერთ-ერტი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისა, თუ რამდენად გამოდგება იგი კრემის მისაღებად. სამწუხაროდ, მისი შემოწმება მხოლოდ გამოცდით შეიძლება. თუ რომელიმე კონკრეტული ნაღები გირჩიეს, თანაც იმ ადამიანმა, რომელსაც კულინარიულ საკითხებში ენდობით, მოუსმინეთ მის რეკომენდაციებს.

  • შემადგენლობა

თუ თავად ნაღების გარდა, შემადგენლობაში შემასქელებლები, პალმის ზეთი, ემულგატორები და სხვა დანამატებია, ასეთ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. სათქვეფად აირჩიეთ ნატურალური, ცხიმიანი ნაღები.

  • ცხიმიანობა

ერთ-ერთი მახასიათებელი, რომლის გათვალისწინების გარეშე, კარგი კრემის მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ. ათქვეფისთვის მხოლოდ არანაკლებ 30-33% ცხიმიანობის ნაღები გამოდგება. თუ დაბალცხიმიან პროდუქტს აიღებთ, მისი ათქვეფა მყარ ქაფამდე მხოლოდ სპეციალური შემასქელებლებით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულინარიაში დაბალცხიმიანი პროდუქტი უვარგისია. 10% ცხიმიანობის ნაღები სასმელად ითვლება და მას ყავასა და ჩაის უმატებენ. 20-30% ცხიმიანობა სოუსებისა და კრემ-სუპებისთვის გამოიყენება, აი, 33-38%-იანი ნაღები კი სწორედ ასათქვეფად და დესერტების მოსამზადებლადაა საჭირო.

შეიძლება თუ არა ნაღების ბლენდერით თქვეფა?

მრავალი დიასახლისის გამოცდილებით დამტკიცდა, რომ ბლენდერი არ გამოდგება ნაღების სათქვეფად, მაშინაც კი, თუ სპეციალური თავაკი აქვს.

როგორ ავთქვიფოთ ნაღები სათქვეფით?

ამისთვის დიდი დრო და მოთმინებაა საჭირო. ეს არც ისე მარტივი მეთოდია, თუმცა, კულინარები მას საუკეთესოდ მიიჩნევენ. ათქვეფილი ნაღები მაცივარში არაუმეტეს 1 დღით ინახება. აგრეთვე, მისი გაყინვაც შეიძლება, გალღობისთვის კი 1 ღამით მაცივარში უნდა შედგათ.

პირველ რიგში, აიღეთ ცივი ჭურჭელი, ათქვეფამდე გარეცხეთ, გააშრეთ და მაცივარში დიდი ხნით შედგით თასი.

ტორტის კრემის მოსამზადებლად, აიღეთ არანაკლებ 33%-იანი ნაღები და წინასწარ გააცივეთ მაცივარში თავად სითხეც. თუ ათქვეფისას სათქვეფის გამოყენებას აპირებთ, მოათავსეთ მაცივარში ისიც.

მაშ ასე, პროდუქტი და ინსტრუმენტები გაგრილებულია. ახლა როგორ მოვიქცეთ?

ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ მომენტი, როცა თქვეფა უნდა შეწყვიტოთ. ათქვეფილი მდგომარეობის ხარისხი განისაზღვრება მწვერვალებით, რომლებიც რბილი, საშუალო და მყარი შეიძლება იყოს. ტორტების რეცეპტებში კონკრეტულად წერია ისიც, თუ რა კონსისტენციამდე უნდა მიიყვანოთ ნაღები. ჩვეულებრივ, რბილი და საშუალო მწვერვალები დაშორებებით ჩნდება, რომლის დროსაც უნდა დაუმატოთ საჭირო ინგრედიენტები, საბოლოოდ კი მაინც მყარი ქაფი უნდა მიიღოთ.

აიღეთ ცოტაოდენი ნაღები (200-300 მლ) და დაიწყეთ თქვეფა. თუ მეტი სითხის ათქვეფაა საჭირო, დაყავით ნაწილებად. ახლა გეტყვით, როგორ უნდა ათქვიფოთ 33% ცხიმიანობის კრემი.

  1. თუ მიქსერს იყენებთ, დაიწყეთ თქვეფა ნელი სიჩქარით. როგორც კი მყარ ქაფს მიიღებთ, შეწყვიტეთ მუშაობა, თორემ ნაღები ფენებად დაიყოფა. თქვეფის სტანდარტული დრო დაახლოებით 3 წუთს შეადგენს.
  2. სათქვეფის შემთხვევაში, 10 წუთი დაგჭირდებათ.
  3. შაქრის პუდრა ან ჟელატინი დაუმატეთ სულ რამდენიმე წამით ადრე მანამ, სანამ ნაღების საჭირო კონსისტენციას მიიღებდეთ.
  4. ათქვეფისთვის გამოიყენეთ საკმაოდ ღრმა ჭურჭელი, რომელშიც სათქვეფი ან მიქსერი სრულად ჩაიძირება. დაიწყეთ თქვეფა ნელი სიჩქარით და თანდათან გაზარდეთ იგი.

თუ ნაღებს სათქვეფით თქვეფთ

  1. პირველ რიგში, მოათავსეთ ნაღებით სავსე ჭურჭელი სხვა, უფრო დიდ, ყინულებით სავსე ჭურჭელში ან უბრალოდ საყინულეში შედგით.
  2. გააგრილეთ სათქვეფიც.
  3. თქვეფისას, დახარეთ თასი მცირე კუთხით.
  4. ათქვიფეთ ნაღები წრიული მოძრაობებით.
  5. როგორც მიქსერის შემთხვევაში, დაიწყეთ თქვეფა ნელა და თანდათან გაზარდეთ ტემპი.
  6. შაქრის პუდრა, ვანილინი ან შემასქელებელი მხოლოდ მკვრივი ფენის წარმოქმნის შემდეგ დაუმატეთ. თუ ნაღებს ათქვეფამდე დაატკბობთ, საჭირო კონსისტენციას ვეღარ მიიღებთ.
  7. თქვიფეთ მანამ, სანამ ზედაპირზე სათქვეფი კვალის დატოვებას არ დაიწყებს, ნაღები კი ჭურჭლის კედლებზე აღარ იტრიალებს. აქ არ მოქმედებს წესი “რაც მეტი, მით უკეთესი”. თუ პროდუქტს ძალიან დიდხანს ათქვეფთ, ქაფი დაილექება.
  8. ბოლოს შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაუმატოთ – იგი მიღებულ კონსისტენციას გაამყარებს. 200 მლ ნაღებზე 1/4 ლიმონის წვენი დაგჭირდებათ.
  9. თუ ნაღები მაინც არასაკმარისად სქელი გამოვიდა, შეცვალეთ მისი ტექსტურა ჟელატინით ან აგარ-აგარით. ინსტრუქციის მიხედვით მომზადებული ჟელატინის მასა დაუმატეთ ნაღებს (1/2 ს.კ. 250 მლ რძის პროდუქტზე).

როგორ შევინახოთ ათქვეფილი ნაღები?

ათქვეფილი პროდუქტი შეინახეთ მაცივარში, მხოლოდ ერთი დღით. ან გაყინეთ და, გამოყენებამდე, მთელი ღამით დატოვეთ მაცივრის კამერაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ