
კანის ჭარბი სიმშრალე, რომელსაც გაუწყლოება იწვევს, საშიში არა, თუმცა ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაა: სიწითლე, ნახეთქები, აქერცლვა და ქავილი… თუმცა, თუ პრობლემას სწორად მიუდგებით, რამდენიმე დღეში აღიდგენთ კანს. გამოიყენეთ ჩვენი რჩევები სიცივეში.
რატომ შრება კანი?
ძლიერი ცივი ქარი ანადგურებს კანის ცხიმოვან ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოშრობისგან. სითხის დაკარგვისას, კანი განიცდის მზეზე დაწვის მსგავს შეგრძნებას.
კანის გამოშრობის (დაქარვის) პირველი ნიშნები
თუ სიცივიდან სახლში შეხვედით და ლოყები გაგიწითლდათ – ეს ნორმალურია. თუმცა, თუ სიწითლე 1 საათზე მეტხანს რჩება, დიდი ალბათობით, კანი ქარმა დააზიანა. უფრო სერიოზული ნიშნებია ქავილი, წვა და კანის ტკივილი შეხებისას. ნუ დაკარგავთ დროს: მიიღეთ ზომები კანის გადასარჩენად დაუყოვნებლივ.
1. არ მიიღოთ აბაზანა
ზამთარში ძალიან გვიყვარს საუნის, აბაზანის ან უბრალოდ შხაპის მიღება, თუმცა, დაქარული კანისთვის ასეთი სითბო მავნებელია. ამიტომ, ოდნავ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, არ გააცხელოთ და აუცილებლად დაარბილეთ კანი: კანის ზეთებით (ზეითუნის, ნუშის), ნაზი კრემით…
2. შეამოწმეთ კრემის შემადგენლობა
სანამ კანი არ აღდგება, მკაცრად აკრძალულია სალიცილის მჟავის შემცველი კრემების გამოყენება – იგი უფრო აშრობს კანს და მდგომარეობის გაუარესება შეუძლია.
3. უარი თქვით პილინგზე
დაქარული კანი ხშირად იქერცლება, თუმცა, ნუ დაიწყებთ ქერცლების მოშორებას. გაუწყლოების ფონზე, კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მინიმალურად აბრაზიული საშუალება კი გამოიწვევს წყლულების, მიკრონახეთქებისა და ანთების გაჩენას.
4. წაისვით კრემი ან ზეთი სახის დაბანისთანავე
ნუ მისცემთ დაქარული ხელებისა და სახის კანს გამოშრობის საშუალებას თუნდაც ერთი წამით: რაც უფრო აქტიურად ატენიანებთ მას, მით უფრო სწრაფად აღდგება კანის ზედაპირის ლიპიდური ბარიერი.
5. დაატენიანეთ ჰაერი სახლში
თუ არ გაქვთ სპეციალური დამატენიანებელი, უბრალოდ დაალაგეთ გამათბობლებზე სველი ხელსახოცები და წყლით სავსე ჭურჭლები (განსაკუთრებით, საძინებელში).
6. არავითარი ყავა
ალკოჰოლზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველა ნივთიერება, რომელიც ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, ამოიღეთ რაციონიდან.
7. მიირთვით მეტი ჩაი
უმჯობესია, მწვანე ან ბალახის ჩაი. დარჩენილი ფოთლებით გაიკეთეთ კომპრესები დაზიანებულ კანზე.
8. დალიეთ საწრუპავის გამოყენებით
ჩვეულებრივ, ტუჩები ყველაზე პირველი ზიანდება, მასზე მოხვედრილი ნებისმიერი სითხე კიდევ უფრო აშრობს მათ.
9. მიირთვით თხილეული და თევზი
კანი უფრო სწრაფად აღდგება, თუ რაციონში ჩართავთ ომეგა-3 მჟავებით მდიდარ პროდუქტს: ზღვის თევზს, ბერძნულ კაკალს, პარკოსნებს. კანისთვის კიდევ ერთი სასარგებლო კომპონენტია E ვიტამინი. აფთიაქში იგი კაფსულებში იყიდება, რომლებიც უნდა გახვრიტოთ და შიგთავსი ეპიდერმისის დაზიანებულ მონაკვეთზე წაისვათ.
10. უარი თქვით მაკიაჟზე
სუნთქვა, დატენიანება და სიმშვიდე – აი, რა სჭირდება ახლა კანს, არავითარი ტონალური კრემები. თუ წვეულებაზე მიდიხართ, კანზე წაისვით დამატენიანებელი პრაიმერი, ზემოდან კი მსუბუქი BB-კრემი. თუმცა, მაინც, ნუ მიეძალებით დეკორატიულ კოსმეტიკას ამ მდგომარეობაში. მხოლოდ რამდენიმე დღით!
თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას?