
სახეზე ნაოჭების გაჩენა დაბერების ბუნებრივი პროცესის ნორმალური ნაწილია. თუმცა, თუ მათი თავიდან აცილება გსურთ, ესეც სავსებით ნორმალურია.
ასაკთან ერთად, ნაოჭები მთელ სახეზე ჩნდება, თუმცა, პირველ რიგში – თვალის გარშემო. ამის მიზეზი არამხოლოდ ამ მონაკვეთში აქტიურ მიმიკაში, არამედ იმაშიც მდგომარეობს, რომ თვალების გარშემო კანი ძალიან თხელია. აი, რატომ ჩნდება თვალქვეშა ნაოჭები, რომლებსაც იხვის თათებსაც უწოდებენ, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში.
რატომ ჩნდება ნაოჭები თვალქვეშ?
- პირველ რიგში, თვალქვეშა კანი, როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება ექვსჯერ უფრო თხელი იყოს, ვიდრე სახის სხვა ზონებში;
- მეორეც, ქვედა ქუთუთოების ცხიმოვანი ფენა (დიახ, ის აქ არის) უფრო ფხვიერია, ამიტომ სწრაფად კარგავს და აგროვებს წყალს, რის გამოც კანი ჯერ იწელება, შემდეგ კი ნაოჭდება;
- ამ მონაკვეთში ქონის ჯირკვლები თითქმის არაა, ამიტომ, თვალქვეშ კანი უფრო მოწყვლადია გარემო-ფაქტორების წინაშე.
ამასთან, თვალქვეშა კანი თავს კარგად არ გრძნობს, როცა მას არასათანადოდ უვლით. მართალია, რომ ქუთუთოების კრემი ყოველთვის არაა საჭირო, რამდენადაც მისი ჩანაცვლება ჩვეულებრივი სახის კრემითაც შეიძლება, მსუბუქი ტექსტურითა და აგრესიული კომპონენტების გარეშე. თუმცა, ის არაა მართალი, რომ მისი გამოყენება საერთოდ არაა საჭირო. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ მისი წასმა სახეზე დილა-საღამოს, რათა შეამციროთ ახალი ნაოჭების გაჩენის რისკი.
პირველი ვარიანტი: თვალების გარშემო მასაჟი ნაოჭების წინააღმდეგ
თუ გაინტერესებთ, როგორ დაიზილოთ თვალების გარშემო კანი ნაოჭების მოსაშორებლად, ახლავე გეტყვით. უნდა დაიწყოთ თვალქვეშა კანზე კრემის წასმით. იდეალური იქნება, თუ მას გამაგრილებელი ეფექტი ექნება ან მაცივრიდან იქნება გამოღებული, რათა დამატებით მოგაშოროთ შეშუპება. თუმცა, მის გარეშეც მშვენიერ შედეგს მიიღებთ.
- პირველ რიგში, წაისვით კანზე კრემი: საწყისი წერტილი უნდა იყოს ცხვირის ძვალი, ხოლო საბოლოო – თვალის გარე კუთხე.
- ახალ თითის ბალიშები გადაატარეთ კანს მსუბუქი დაკვრითი მოძრაობებით, ამავე მიმართულებით.
- შემდეგ ეტაპზე მოძრაობები ზეწოლითი და ნელია. აგრეთვე, წამოწიეთ წარბები, თვალქვეშ კანი უკეთ რომ დაამუშავოთ.
- სულ ესაა. არც ისეთი რთულია, არა? თითოეული “სავარჯიშო” გაიმეორეთ 4-5-ჯერ, რათა შედეგი უფრო სწრაფად მიიღოთ.
მეორე ვარიანტი: თვალების იაპონური მასაჟი
ტექნიკა, რომელიც ჩვენთან იაპონიიდან ჩამოვიდა, არამხოლოდ გაახალგაზრდავებას, არამედ თვალქვეშ შეშუპებისა და მუქი წრეების მოშორებასაც გვპირდება. იგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ დღეში 8-საათიან ძილს ვერ ახერხებთ.
იაპონური მასაჟისთვის მხოლოდ 30 წამი დაგჭირდებათ:
- რბილი, დაკვრითი მოძრაობებით, საჩვენებელი და შუა თითებით “დააკაკუნეთ” კანზე ორივე თვალის გარშემო, რათა სისხლის მიწოდება გააძლიეროთ. გაიმეორეთ ეს მოძრაობები სამჯერ.
- შუა თითებით ძლიერად დააჭირეთ წარბზედა ძვლის წერტილებს იქ, სადაც წარბები იწყება. გააჩერეთ თითები ასე 3-4 წამით და გაიმეორეთ სამჯერ.
- ახლა მჭიდროდ დააჭირეთ შუა თითი ცხვირის ძვლის ორივე მხარეს, საცრემლე არხთან ახლოს.
- ბოლოს, დაიზილეთ საფეთქლები საჩვენებელი და შუა თითებით.
შეგიძლიათ, მასაჟი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გააკეთოთ. უბრალოდ, ეცადეთ, კანი ძალიან არ გაჭიმოთ, თორემ საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ.
კიდევ როგორ შეიძლება ნაოჭების მოშორება?
- უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე. მავნე ჩვევები ამცირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რაც კანს ამზადებს ნაოჭების გაჩენისთვის.
- წაისვით SPF-შემცველი კრემი გარეთ გასვლისას. კანთან დაკავშირებული უსიამოვნების მიზეზი შეიძლება იყოს ფოტოდაბერება, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევს.
- მიმართეთ ოკულისტს. თუ ცოტა ხნის წინ მხედველობა დაგიქვეითდათ, შეამჩნევდით, რომ თვალებს მუდმივად ჭუტავთ. თავადაც გესმით, რას გამოიწვევს ეს.
- გაიწმინდეთ კანი. ჩვენ მივეჩვიეთ გაწმენდის პროცესში კანის აქტიურად ხეხვასა და დაჭიმვას, რის გამოც იგი მოშვებული და ნაოჭების გაჩენისადმი უფრო მიდრეკილი ხდება. რაც უფრო ფრთხილად მოექცევით კანს, მით უკეთესი.
- მიმართეთ კოსმეტოლოგს. ზედაპირულ ნაოჭებს გაუმკლავდება პროფესიონალური მასაჟი, აგრეთვე, პროცედურები მიკრომუხტებისა და LED-თერაპიის გამოყენებით. უფრო სერიოზულ შემთხვევებში და უკუჩვენებების არარსებობის დროს, დაფიქრდით მეზოთერაპიაზე, ღრმა პილინგზე ან კანის ლაზერით დამუშავებაზე.