როგორ შეიცვლება თქვენი კანი, როცა ალკოჰოლზე იტყვით უარს

0
558
Photo credit: unsplash.com

ვახშამთან ერთი ბოკალი წითელი ღვინო ან, ქორწილის წინა დღით, დაქალებთან ერთად, 1 ბოთლი არაყი კარგია, მაგრამ რა მოუვა კანს, თუ ალკოჰოლის მიღებას შეწყვეტთ?

დარწმუნებული ვარ, თქვენც წაგიკითხავთ ეს კვლევები ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების სარგებელთან დაკავშირებით. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ორი ნიუანსი:

  1. ასეთ კვლევებში, ძირითადად, საუბარია ღვინოზე, როგორც ხმელთაშუაზღვისპირული დიეტის ნაწილზე.
  2. მავნე ეფექტი, რომელსაც ალკოჰოლი ორგანიზმზე ახდენს, ვერასდროს შეედრება სარგებელს, რომლის მოტანაც მას გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შეუძლია.

არ შეგეშინდეთ, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთვის ცხოვრების სწავლებას. სამაგიეროდ, გიამბობთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენი კანი, თუ 30 დღით მაინც იტყვით უარს ალკოჰოლურ სასმელზე.

რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი კანზე

ორგანიზმში მოხვედრისას, ალკოჰოლი იქცევა აცეტალგეჰიდად – ტოქსიკურ ნაერთად, რომელიც, გარდა ძირითადი “მომწამლავი” მოქმედებისა, ადუნებს სისხლძარღვებს. სწორედ ამის გამოა, ალკოჰოლის მიღების შემდეგ კანი რომ გვიწითლდება. თუმცა, რაც უფრო ხშირად სვამთ მას, მით უფრო მაღალია სისხლძარღვების გაწელვის რისკი, რაც კანზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებისა და შეშუპების გაჩენას გამოიწვევს.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი გაუწყლოებაა. თუ ალკოჰოლის ყოველ ბოკალს 1 ჭიქა წყალს არ დააყოლებთ (მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რომ ამას მხოლოდ ერთეულები აკეთებენ), კანი შეიძლება გაუფერულდეს, მიმიკური ნაოჭები კი უფრო შესამჩნევი გახდება.

დაბოლოს, თუნდაც მცირე რაოდენობით, რეგულარულად მოხმარებული ალკოჰოლი ამცირებს ორგანიზმში A ვიტამინის, მძლავრი ანტიოქსიდანტის დონეს, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. ასაკთან ერთად, ჩვენ ისედაც ვკარგავთ ელასტინსა და კოლაგენს, რის გამოც, სახის კონტურები “ცურავს”, ხოლო ოვალი ნაკლებად მკაფიო ხდება. თუმცა, თუ ჩვეულებრივ ასაკობრივ პროცესებს ალკოჰოლსაც დაუმატებთ, ყველაფერი გაუარესდება.

არ დავივიწყოთ ალკოჰოლის ტიპის შესახებაც. თუ არ გიყვართ მშრალი ღვინო, ჩვეულებრივ კი ნახევრად ტკბილ ღვინოს ან კოქტეილს ირჩევთ, რაციონში შაქრის დონე რამდენჯერმე იზრდება. და, მიუხედავად იმისა, რომ მუწუკებს ტკბილეული კი არა, ბაქტერიები იწვევენ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შაქრის მაღალი შემცველობა რაციონში აუარესებს კანის მდგომარეობას, თუ უკვე გაქვთ აკნეს პრობლემა.

რა მოხდება, თუ ალკოჰოლზე 1 თვით იტყვით უარს

კარგი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც არ სურს პარასკევობით ბარებზე უარის თქმა: ალკოჰოლის მოხმარებაზე ერთთვიანი უარის თქმის შემდეგ, შედეგი უკვე თვალსაჩინო იქნება.

საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კანს დაახლოებით 28 დღე სჭირდება განახლებისთვის, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს, სარკეში შედეგს აუცილებლად იხილავთ. შემდეგ კი, შესაძლოა, ეს შედეგი მომდევნო, უფრო ხანგრძლივი უალკოჰოლო გამოწვევის სტიმულად გექცეთ.

და მაინც, რა მოხდება?

შესაძლოა, თქვენი კანის ფერი გაუმჯობესდეს, თავად კანი კი უფრო გლუვი და დატენიანებული გახდეს. სხვათა შორის, შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების მქონე პროდუქტს იგი უკეთ აღიქვამს და გარკვეულ ეფექტს უფრო სწრაფად მიიღებთ.

ამ დროს, სხეულშიც მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მათ შორის:

  1. სისხლში შაქრის დონე დარეგულირდება (12-24 საათის შემდეგ).
  2. მთელ ორგანიზმში დეტოქსიკაცია ხდება (48 საათის შემდეგ).
  3. მცირდება ნახშირწყლების მოთხოვნილება, რაც ნაბახუსევს ახასიათებს (72 საათის შემდეგ).
  4. უმჯობესდება ძილის ხარისხი, კანზე მცირდება ანთება, იზრდება ენერგიის დონე (1 კვირაში).
  5. ღვიძლში ცხიმოვანი დაგროვებები 15%-ით მცირდება, კანი კი შესამჩნევად გარდაისახება (4 კვირაში).

ასეთი განახლების შემდეგ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, დაიმახსოვრეთ შემდეგი წესები: ნუ შეჰყვებით ალკოჰოლს, მიიღეთ მეტი წყალი დალევის პროცესში და აირჩიეთ არატკბილი სასმლები მინიმალური ინგრედიენტებით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ