
ზოგიერთ ოჯახში მშობლების ყვირილი ერთადერთი მეთოდია, რომ შვილებმა გააკეთონ ის, რაც ევალებათ. ფსიქოლოგები ურთიერთობის ასეთ მეთოდს დესტრუქციულად მიიჩნევენ.
როცა მშობლები შვილს თავშეუკავებლად უყვირიან, ბავშვი გრძნობს სასოწარკვეთას, წყენას, დამცირებას და უძლურებას. ბავშვს ეშინია ყვირილის, რადგან წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. რთული წარმოსადგენი არაა, რა ხდება ბავშვის გულში, როცა „თავს ესხმის” მშობლები, ყველაზე ძვირფასი ხალხი, რომლებმაც მისი უსაფრთხოება, კომფორტი და თავდაჯერებულობა უნდა უზრუნველყოს. ერთად გავარკვიოთ, რატომ ვერ აკონტროლებენ მშობლები თავს და უყვირიან ბავშვებს, ასევე განვიხილოთ სიტუაციის გამოსწორების მეთოდები.
არსებობს პრობლემა? არსებობს გადაჭრის მეთოდი!
როგორც ამბობენ, მიზეზის ცოდნით პრობლემის მოგვარება უფრო მარტივია. პირველ რიგში, განსაზღვრეთ, თუ რატომ ყვირით ხშირად და გამოიყენეთ რჩევები, რომ რეაქცია შეცვალოთ.
1. მოთმინების და თავშეკავების არ ქონა
ბევრი მშობელი მუდმივად იმეორებს: „ბავშვს სხვანაირად არ ესმის. ვცდილობთ, მშვიდად ვუთხრათ, თხოვნა რამდენჯერმე გავუმეორო, ის კი არ რეაგირებს“.
ეს მცდარი შეხედულებაა. გულახდილები ვიყოთ: ბავშვს სხვანაირად არ ესმის, მშობლებს კი სხვანაირად ახსნა არ შეუძლიათ. ან უფროსებს უბრალოდ მოთმინება არ ყოფნით, რომ ბავშვს დრო და შესაძლებლობა მისცენ დავალების შესასრულებლად, საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.
რა გავაკეთოთ?
რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ. ამტანობის და თვითკონტროლის ვარჯიში არა მხოლოდ სახლში შეიძლება: ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ყოველდღიურ სიტუაციაში. ჩვენ გვაღიზიანებს არა მხოლოდ ბავშვების გამოხტომები და ახირებები, არამედ სხვა ხალხიც, რომელთაც პრობლემები და უსიამოვნებები მოაქვთ. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება სუპერმარკეტის ან საავადმყოფოს რიგში უხეშად მოგმართოთ. აქ, მნიშვნელოვანია გამაღიზიანებელ ფაქტორებზე თქვენს რეაქციას ყურადღება მიაქციოთ.
თუ ამჩნევთ, რომ ყოველდღიურ სიტუაციებზე თქვენი ბუნებრივი რეაქცია აგრესიული კომუნიკაციაა, ეს თქვენი ჩვეული მოქმედების ტაქტიკაა და ბავშვი თქვენს გაბრაზებას ნამდვილად არ იწვევს. ეს თქვენთვის დამახასიათებელი საქციელია. სჯობს თავშეკავება ისწავლოთ და ასეთ სიტუაციებში ქცევა აკონტროლოთ. როცა ცხოვრების ყველა სფეროში თვითკონტროლს ისწავლით, ეს ბავშვთან ურთიერთობაშიც აისახება. უფრო მომთმენი და გამგები გახდებით, მოთმინებით დაელოდებით ბავშვის მიერ დავალების შესრულებას და მის არასწორ ქცევებზეც სიმშვიდეს არ დაკარგავთ. ბავშვის ქცევა გაღიზიანებას არ გამოიწვევს. უბრალოდ სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ და მიხვდებით, როგორ გამოასწოროთ მისი მოქმედება, როგორ დაეხმაროთ სწორი გამოსავლის პოვნაში.
2. რეაქცია ბავშვის შეუსაბამო ქცევაზე
ზოგჯერ ბავშვი ნამდვილად ისე იქცევა, რომ ნებისმიერი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს – ის არა უბრალოდ რეაგირებს, არამედ თითქოსდა სპეციალურად აპროტესტებს და ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს, უკონტროლო ისტერიკას იწყებს. მშობლები ამ ემოციებს ეგუებიან და ანალოგიურად რეაგირებას იწყებენ. სხვა სიტყვებით – ბავშვი ყვირის და გიჟობს, მშობლები მის ქცევას ირეკლავენ.
რა გავაკეთოთ?
აუცილებელია შეჩერდეთ და საკუთარ თავს უთხრათ: „შეჩერდი. მე ვაკონტროლებ სიტუაციას. ბავშვის ემოციებს არ ვყვები და ისტერიკას არ ვმართავ. მშვიდად უნდა ვიყო, რომ ისიც დამშვიდდეს“.
ამის თქმა აუცილებელია, რადგან 2 ისტერიული ადამიანი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებს. ზრდასრული, თავშეკავებული და ადეკვატური ადამიანი შეძლებს მარტივად და ზეწოლის გარეშე ეს ისტერიკა შეწყვიტოს, თუ წონასწორობას შეინარჩუნებს.
როგორ შევაჩეროთ ბავშვის ისტერიკა? მას უთხარით: „დამშვიდებაში დაგეხმარები. როცა დამშვიდდები, საუბარს გავაგრძელებთ“. ნამდვილად უნდა დაელოდოთ, რადგან ისტერიული ბავშვი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს და საკუთარ მდგომარეობაზე გამკლავება უჭირს. სჯობს ყვირილის, ნეგატიური ემოციებისგან დაცლის საშუალება მისცეთ. უარი თქვით სიტყვებზე: „წადი, აღარ დაგელაპარაკები, ასეთი ბავშვი არ მჭირდება“. გახსოვდეს, როცა ბავშვი ისტერიკაშია, მშვიდი და თავშეკავებული უნდა იყოთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, ხუთამდე დაითვალეთ და გაწონასწორებულ მდგომარეობას დაუბრუნდით.
მნიშვნელოვანია, ბავშვთან ერთ დონეზე იყოთ – დაჯექით ან მისკენ დაიხარეთ. შემდეგ მხედველობითი კონტაქტი დაამყარეთ და შეეხეთ, რომ მისი ყურადღება მიიპყროთ. დაუყონებლივ ჩახუტება აუცილებელი არაა – მისი ხელი დაიჭირეთ, მხარზე შეეხეთ, თავზე ხელი გადაუსვით. მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკეთ. მშვიდად, მონოტონურად და ზომიერად.
3. რეაქციის დაჩქარების სურვილი
წარმოიდგინეთ, რომ მშობელი შვილს საშინაო დავალების შესრულებას სთხოვს. ბავშვი უარზეა, მშობელი თხოვნას იმეორებს. მაგრამ ბავშვს ასეთი დავალების შესრულება მაინც არ სურს. როცა მშობლები ყვირილს იწყებენ, ფიქრობენ, რომ შვილი მოქმედებას დაიწყებს. ნამდვილად, ზოგჯერ ყვირილის შემდეგ ბავშვი იმწამსვე რეაგირებს და ყველა თხოვნას ასრულებს.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ ამას რატომ აკეთებს და რა გვერდითი ეფექტები მოჰყვება. დიახ, ბავშვი მოქმედებას იწყებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ უფროსის თხოვნას პატივისცემით ეპყრობა და არა იმიტომ, რომ შედეგებით მათი გახარება სურს. ის მოქმედებს, რადგან ეშინია. თხოვნას შიშის გამო ასრულებს.
რა გავაკეთოთ?
პირველ რიგში, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ბავშვმა თქვენ მიმართ პატივისცემის გამო იმოქმედოს თუ ყველაფერი შიშის გამო გააკეთოს?
ხმამაღალი ყვირილით და ზეწოლით დაშინება ყველაზე ადვილია. დაფიქრდით: თქვენ გჭირდებათ დაშინებული ბავშვი თუ ბავშვი, რომელსაც საკუთარი მოქმედებები და თქვენი თხოვნები ესმის, რომელიც აცნობიერებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეაგირება? ეს სულ სხვა რამეა.
ყოველი თქვენი აფეთქება მშობლის ავტორიტეტს ანადგურებს. შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, თუ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ ხდება. თითქმის ყველას ჰყავს ემოციურად თავშეუკავებელი მეგობრები ან ნაცნობები. ასეთი ადამიანი პირველივე შესაძლებლობაზე ისტერიკაში ვარდება, ბრაზდება და თავისი ქცევით ყველას აღიზიანებს. ასეთ ადამიანს პატივისცემით ეპყრობიან? ასეთ ადამიანს ავტორიტეტი ექნება? მაშინაც კი, თუ მისთვის რაიმეს გააკეთებთ არა იმიტომ, რომ პატივს სცემთ, არამედ იმიტომ, რომ მისი სწრაფად გაჩუმება გსურთ.
ბავშვზე მუდმივი ყვირილით იგივე რეაქციას მიიღებთ: „ჯობს გავაკეთო, რაც ჩემგან სურთ, რომ არავინ მიყვიროს“. ბავშვს არ ექნება კონსტრუქციული ურთიერთობა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს თქვენი თხოვნით. ის საკუთარი ქცევის აუცილებლობას ვერ გააცნობიერებს და თხოვნის მნიშვნელობას ვერ გაიგებს. თუ თქვენს თხოვნას ასრულებს მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლების უკონტროლო ისტერიკის მოსმენა არ სურს.
4. ყვირილი, როგორც სასჯელი
ზოგჯერ მშობლები შვილების დასასჯელად ყვირიან. ისინი თვლიან, რომ აუცილებელია მისი გალანძღვა და საქმის განხილვა, ასევე ხმამაღალი დაშინება. მაგრამ ბავშვი ყვირილის დროს ინფორმაციას ვერ იგებს. თუ გსურთ მნიშვნელოვანი სიტყვები ბავშვის ყურამდე მიიტანოთ, მშვიდად და წყნარად ესაუბრეთ, მხოლოდ ასე შეძლებს ბავშვი მოდუნებას და არსის გაგებას.
რა გავაკეთოთ?
გააცნობიერეთ, დასჯის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მიხვდეს, სად დაუშვა შეცდომა და სიტუაცია შეცვალოს. დასჯას დასჯისთვის აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია, ბავშვმა დასკვნები გამოიტანოს და მსგავსი შეცდომა მომავალში აღარ გაიმეოროს.
როცა მშობლები ყვირიან და ფიქრობენ, რომ ბავშვი შიშისგან რაიმეს გაიგებს, ცდებიან.
ბავშვი მხოლოდ ერთ დასკვნას გამოიტანს – შემდეგი დანაშაული უნდა დამალოს, რომ აღარ დაისაჯოს. თუ გსურთ, რომ ბავშვმა საკუთარ თავს პატივი სცეს და მოგისმინოს, სხვაგვარად უნდა დასაჯოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ბუნებრივი ლოგიკური ქცევის ტაქტიკა გამოიყენოთ. ამ დროს მიმოყრილი ნივთების გამო ბავშვს არ ვსჯით, უბრალოდ მის ნაცვლად უწესრიგობას არ ვალაგებთ. პოზიცია ასეთია: „თუ შენ არ ალაგებ, მაშინ ამ არეულობაში ცხოვრება მოგიწევს“. კიდევ ერთი ვარიანტი: „თუ გაკვეთილზე დააგვიანებ, მე არ დაგსჯი. შენი სასჯელია – მასალა ვერ აითვისე, საჭირო საგანი ვერ ჩააბარე და შენი ქულა შემცირდა. პასუხისმგებლობა აიღე და გააკეთე რაღაც, რომ სიტუაცია გამოასწორო“.
თუ გსურთ ღირსეული პიროვნება აღზარდოთ, რომელიც მშობლებს პატივს სცემს, ყვირილით არ დააშინოთ. შიში პატივისცემის ტოლფასი არაა. დამცირების და უძლურების გაცნდა, რომელსაც ბავშვი ყვირილის დროს მუდმივად განიცდის, მთელი ცხოვრება დაუბრუნდებათ.