
არ შეიძლება არ გვიხაროდეს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ, რომ 25-30 წლის ასაკში გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად, ახლა უკვე ჩვენი მიზანია იმისთვის გარჯა, რომ ლამაზი, ჯანმრთელი და ენერგიული 50 და 60 წლის ასაკშიც ვიყოთ, თუმცა, არც ესაა ზღვარი.
და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ თანდათან ვიგებთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ, სწორედ ასე გაგვიჩნდება შანსი იმისა, რომ 70 წლის ასაკში დიზაინერ ვერა ვონგივით გამოვიყურებოდეთ. ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გაერკვია ის სწორი ჩვევები, რომლებიც ახალგაზრდობაში უნდა შემოიღოთ, რათა არ დაბერდეთ და შუა ხნის ასაკამდე ჯანმრთელი დარჩეთ.
1. დაბალანსებული კვება
დიახ, მარადიული ჯანმრთელობის წამალი ჯერ არ მოუგონიათ, ამიტომ უნდა დავიწყოთ ძირითადი წესებით – რაციონის კორექციით. კვებაზე ზრუნვა სასარგებლოა როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვისაც. დიეტა მავნეა, აი, რაციონი კი, რომელიც მაქსიმალური რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. გაამრავალფეროვნეთ მენიუ, დაითვალეთ კალორიები, რომლებსაც იღებთ და ხარჯავთ ყოველდღიურად, ჩაასწორეთ მათი რაოდენობა თქვენი ფიზიკური დატვირთვების შესაბამისად.
აგრეთვე, რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით ცილოვანი პროდუქტის მიღებაც, საუზმის მირთმევა, დღეში არანაკლებ 500 გ ბოსტნეული და კენკრა, სასმლის რეჟიმის დაცვა.
2. რეგულარული ფიზიკური აქტივობა
სწორი კვებისა და სპორტის აუცილებლობა უკვე ყველამ გაიზეპირა. არსებობს უამრავი კვლევა, რომლებიც ამტკიცებს, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვები დადებითად ისახება ჯანმრთელობაზე და სამომავლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაც კი შეუძლია. საუბარია ზოგად ფიზიკურ აქტივობებზე და არა სპორტის რომელიმე კონკრეტულ სახეობაზე: ეს შეიძლება იყოს სირბილი, პილატესი, ვარჯიში ან სეირნობა. აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი: ინტენსიური ვარჯიშიცა და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვებიც (კვირაში 150 წუთი მაინც) ერთნაირად ეფექტური იქნება. უნდა გესმოდეთ, რომ სპორტი საჭირო არამხოლოდ გასახდომად ან ლამაზი ფიგურის მისაღებად, არამედ ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლადაცაა საჭირო. ფიზიკური აქტივობა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ.
3. ორგანიზმის რეგულარული დიაგნოსტიკა
ახლა პრევენციული მედიცინა მსოფლიო ტრენდია. ეს ისეთი მიდგომაა, რომლის დროსაც არამხოლოდ კურნავთ დაავადებებს, არამედ შეძლებისდაგვარად უშლის მათ განვითარებას ხელს. ხოლო ამის გასაკეთებლად, ორგანიზმი რეგულარულად უნდა შეამოწმოთ. დღეისათვის, არსებობს ჩეკაფის (ორგანიზმის შემოწმების) რამდენიმე სახეობა – ყველა მათგანი ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელს აკონტროლებს. ყურადღებით შეისწავლეთ ის, რაც ბაზარზე არსებობს, აგრეთვე, გააანალიზეთ თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებები და აირჩიეთ შესაფერისი სახეობა. აუცილებლად განიხილეთ მკურნალ ექიმთან თქვენი ორგანიზმის შესაძლო “სუსტი” მხარეები და რეგულარულად აკონტროლეთ ისინი.
არ დაივიწყოთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატებიც, ოღონდ, მათ მიღებამდე, აუცილებლად ჩაიტარეთ ანალიზები და დაეკითხეთ ექიმს. შეამოწმეთ ორგანიზმში შემდეგი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მარაგი: D, В1, В6, В9, В12, А, Е, К, რკინა, იოდი, მაგნიუმი, კალციუმი, სელენი, კალიუმი, ნატრიუმი. როგორც წესი, ჩექაფების დროს, მსგავს რეკომენდაციებს სპეციალისტები გასცემენ.
4. ცხოვრების სწორად შერჩეული რეჟიმი
ინგლისურში არსებობს ერთი მშვენიერი ფრაზა: work-life balance (ბალანსი სამსახურსა და ცხოვრებას შორის) – ეს სწორედ ისაა, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. აუცილებელია დროის ისე ორგანიზება, რომ მოასწროთ მუშაობაცა და დასვენებაც. შრომაჰოლიკობა ჯანმრთელობას ვნებს, ზედმეტი მუშაობა და სტრესი უამრავ პრობლემას მოუტანს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, წლების შემდეგ. ეს 30 წლის ასაკში გეჩვენებათ, რომ გამოფიტვამდე შეგიძლიათ მუშაობა, თორემ ასეთი გადარლის შედეგებს 40-50 წლის ასაკში მოიმკით. ამიტომ, აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, დასვენებას, ოჯახს, განვითარებას, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, ჰობისა და გატაცებებს.
5. ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა
თუ 60+ ასაკის მიმზდიველ ქალბატონებს ყურადღებით დააკვირდებით, გასაგები იქნება, რომ გარეგნობის გარდა, მათ უშრეტი ცხოვრებისეული ენერგია, ძალა, შინაგანი ცეცხლი აქვთ. ჯანმრთელობასთან და სილამაზესთან ერთად, სწორედ ეს უნდა შეინარჩუნოთ, რათა გავლილი წლები თქვენს მხრებზე მძიმე ტვირთად არ დაგაწვეთ. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, მიმართეთ ფსიქოლოგს, იმუშავეთ ემოციურ მდგომარეობაზე, მიმართეთ მედიტაციას, ყოველთვის დაისახეთ მიზანი და მისწრაფებები.
6. კანის რეგულარული მოვლა
ალბათ, კიდევ ერთხელ არაა საჭირო იმის გამეორება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოსმეტოლოგთან ვიზიტი და კანის მოვლა. ეფექტურია პრევენციის პრინციპიც, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. არ შეიძლება თავის მოვლის რუტინის დაწყება 60 წლის ასაკში: თუ აქამდე არაფერი გაგიკეთებიათ, მხოლოდ კანის წრიული დაჭიმვაღა გიშველით. კანზე 20 და 30 წლის ასაკშიც უნდა იზრუნოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კანის წმენდას, კვებასა და დატენიანებას. აუცილებელია “საიდუმლო ინგრედიენტი” SPF ყოველდღე, ზამთარშიც კი. 30 წლის შემდეგ კი რეკომენდებულია ფეისფიტნესი ან ფეისბილდინგი, არსებობს მრავალფეროვანი სახელწოდება, მათი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ავარჯიშოთ სახის კუნთები, რითაც მათ ტონუსში მოოიყვანთ. ასე იჭიმება კანიც და მასზე ნაკლები ნაკეცი და ნაოჭი ჩნდება.
7. ტვინის აქტიური ცხოველქმედება
სწრაფი გონება ახალგაზრობის ნიშანია, ამიტომ, მაქსიმალურად დიდხანს უნდა შეინარჩუნოთ იგი. თუ ინტელექტუალური სამსახური გაქვთ, ამას რა სჯობს. თუ არა – აუცილებლად დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას – უყურეთ კარგ ფილმს, წაიკითხეთ, ისწავლეთ ახალი ენა, ლექსები, ითამაშეთ ინტელექტუალური თამაშები, აითვისეთ ტექნოლოგიები და იყავით ყოველდღიური სიახლეების კურსში.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ყველა ეს წესი ერთბაშად უნდა დაიცვათ, კოსმეტოლოგთან ვიზიტის დროს, არ უნდა დაივიწყოთ კვების ან სპორტის შესახებ. აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, იარეთ ერთსა და იმავე სპეციალისტებთან – ეს იმიტომ, რომ ერთ პროფესიონალს ახსოვს თქვენი პრობლემების, მიზნების შესახებ, თუ დიდი ხნის განმავლობაში დაგინახავენ, თქვენი ორგანიზმის თავისებურებებსაც უკეთ ადევნებენ თვალყურს. მსგავსი ურთიერთობა ყოველთვის უფრო ეფექტურია.