
მაკიაჟი თქვენს ღირსებებს უნდა უსვამდეს ხაზს, არ უნდა მალავდეს მათ. ამიტომ, დღეს ჩვენ გაგაცნობთ 10 შეცდომას, რომლებსაც გოგონები მაკიაჟის გაკეთების დროს უშვებენ. დაიმახსოვრეთ ისინი და გაუზიარეთ დაქალს!
1. ნიღბის ეფექტი სახეზე

სქელი ტექსტურის ტონალური საშაულებების მოუქნელი გამოყენება, ხშირად, არასასურველ ეფექტს იწვევს – კანის ნაკლოვანებას უსვამს ხაზს. სქელი საშუალებების წასმისას მნიშვნელოვანია მიდგომა: ტექსტურის, წასასმელი ხელსაწყოსა და მაკიაჟის ბაზის შერჩევა. თუ ამ საკითხში ძლიერი არ ხართ, გირჩევთ, კანის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და სიწითლეები ლოკალურად დაფაროთ. დანარჩენი კანი დატოვეთ სუფთა ან დაფარეთ მსუბუქი ფლუიდით. კანის ბუნებრივი ფაქტურა ლამაზია, ყოველდღიურ მაკიაჟს ძლივს შესამჩნევი კორექცია სჭირდება.
სქელი კონსილერი კარგია გადაღების დროს, მსახიობებისა და ტელე-წამყვანებისათვის. თქვენ კი გჭირდებათ თხელი საშუალება შუქამრეკლავი ეფექტით, რომელიც არ აშრობს თვალის გარშემო ნაზ კამს და არ გამოკვეთს წვრილ ნაოჭებს.
2. ტუშის რამდენიმე ფენა
ტუშის “უკანონო მიშენებები” წამწამებზე ულამაზოდ, ძველმოდურად გამოიყურება, ასაკს მატებს ქალს. წამწამები ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს – დასაწყისში თხელი, ბოლოებში – სქელი. თუ ტუშის ერთი ფენა თვალების გამოსაკვეთად არ გეყოფათ, დაუმატეთ ლაინერი ან გამოიყენეთ წამწამების საპრეხი. ამასთან, ეს ხრიკი დამატებით წამოწევს თვალის გარე კუთხეს და მზერას ხსნის. გახსოვდეთ, ტუშის სამფენიანი მიშენება მაკიაჟს აბერებს.
3. მუქი ტონალური

რუჯის ეფექტის მიღების მიზნით, ზოგიერთი გოგო სახეზე რამდენიმე ტონით მუქ ტონალურ საშუალებას ისვამს. ეს დიდი შეცდომაა მაკიაჟის დროს – ასეთ შემთხვევაში, სახე დაღლილი, გოგონა კი უფრო მოხუცი ჩანს. თუ ოქროსფერი რუჯის მიღება გსურთ, გამოიყენეთ ტონალურის ორი ფერი – ერთი თქვენი კანის იდენტური და მეორე – ორი ტონით მუქი კორექციის ზონებში (ყვრიმალებზე, ყბის პერიფერიებზე, ცხვირის გვერდებში, ნიკაპზე), კარგად გადანაწილებული. ასე შექმნით ლამაზ რელიეფს. ეფექტის შევსება შეგიძლიათ ბრონზერით, სახის გამოშვერილ ადგილებზე (შუბლი, ცხვირის წვერი, ყვრიმალები, ნიკაპი, ზედა ქუთუთო) დელიკატურად გადანაწილებით.
4. ჰაილაითერის არასწორად გამოყენება
ჰაილაითერი სასიამოვნო ელვარებას, ბზინვასა და მოვლილ იერს მატებს კანს, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ იგი მხოლოდ კანის სწორ ზედაპირზე ისმება. ელვარება და ბზინვა გამოკვეთს ნაოჭებს, კანის ნასვრეტებს, წყლულებსა და სხვა ნაკლოვანებებს.
5. მუქი მშრალი კორექტორი

ამ საშუალებასთან ფრთხილად იყავით. იგი ყველას როდი უხდება ლამაზი, მაღალი ყვრიმალებისა და თხელი ცხვირისთვის. მუქი კორექტორი ქმნის დაბნელების ზონას – იგი სახის ნაკვთებს ამკაცრებს და დაღლილობას მატებს. როგორც ცნობილია, მიმზიდველად და ახალგაზრდად აღიქმება ყველაფერი ის, რაც მრგვალია. უხეში კორექციის ნაცვლად, გამოიყენეთ ფერ-უმარილი და ოდნავ გაანათეთ სახე.
6. ბევრი პუდრა
პუდრა კანს აშრობს, გამოკვეთს მიმიკურ ნაოჭებს და ტვირთავს სახეს. გირჩევთ, იგი მინიმალური რაოდენობით გამოიყენოთ.
7. რამდენიმე აქცენტი მაკიაჟში

მაგალითად, აქტიური წარბები, სმოუქი, მკვეთრი ფერ-უმარილი და ტუჩები – ეს ყველაფერი ერთად ფუფალას დაგამსგავსებთ. ხანდახან, კარგია ერთი, ორი ან სამი აქცენტი – ყველაფერი ინდივიდუალურ ესთეტიკასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მაკიაჟში აქცენტების რაოდენობის გაზრდით, უმეტეს შემთხვევაში, ზრდით იმის ალბათობას, რომ ასაკთან შედარებით უფროსი გამოჩნდებით.
8. თვალის გარე კუთხის დაწევა
“ისარს” აკეთებთ თუ “კვამლიან თვალებს”, არ დაგავიწყდეთ, რომ თვალის გარე კუთხე არ უნდა დაწიოთ. ორიენტირდით იმ ზოლების მიმართულებაზე, რომლებიც თვალის გარე ქვედა კიდეზე გადის.
9. პერლამუტრის პომადა
ეს საშუალება მხოლოდ და მხოლოდ სტილიზებულ გადაღებაზე უნდა გამოიყენოთ!
10. წარბების არასწორი ფორმა და ფერი

თუ თვალები ღრმად ჩამჯდარია, განიერი და სქელი ხაზი სახეს ვერაგ იერს აძლევს. შეამსუბუქეთ ფორმა და მზერაც უფრო გახსნილი, მსუბუქი და კეთილისმსურველი გამოვა.
მკაფიოდ გამოკვეთილი და ფერით სქლად შევსებული წარბი სახეზე უცხოდ გამოიყურება. რომ აღარაფერი ვთქვა წარბების ტატუაჟზე – იგი ყოველთვის მატებს ქალს ასაკს.